ახალი ამბები

ბათუმის მიტროპოლიტი: ძალადობა დასაგმობია, მაგრამ ამ ყველაფერს პროვოკაციული ელფერი გასდევს

10 მაისი, 2021 • 1186
ბათუმის მიტროპოლიტი: ძალადობა დასაგმობია, მაგრამ ამ ყველაფერს პროვოკაციული ელფერი გასდევს

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი სასულიერო პირების მხრიდან ძალადობას გმობს, თუმცა მიიჩნევს, რომ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში გასათვალისწინებლია “პროვოკაციის ფაქტორი”.

“ცხადზე უცხადესია, რომ ძალადობა ყოვლად დასაგმობია. თავისთავად არ იყო ეს ყველაფერი ლამაზი. დარწმუნებული ვარ, მეუფე ანტონი ამას განიცდის და ნანობს”, — განაცხადა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონი ბულუხიას მიერ “მთავარი არხის” ჟურნალისტისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე.

ამ კონტექსტში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი გამოეხმაურა 4 მაისს დავითგარეჯაში გადაღებაზე მყოფ ივერი მელაშვილსა და “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასაც და არხი და მელაშვილი პროვოკაციაში დაადანაშაულა.

“საერთოდ რაც ხდება ამ ბოლო პერიოდში, ძალიან რთული აღსაქმელი და მოსასმენია. მაგრამ ერთადერთი რამ არის გასათვალისწინებელი — ამ ყველაფერს გარკვეულწილად ცოტა პროვოკაციული ელფერი გასდევს. თუნდაც გარეჯის ინციდენტს გამოვეხმაურები, როდესაც შენ იცი, — ბატონი მელაშვილი მყავს მხედველობაში, — არის გარეჯელი ბერების ხსენების დღე; იქ ჩასული იქნება აუარებელი მომლოცველი; ისიც ცხადია, რომ შენი, როგორც კომისიის თავმჯდომარის ხელის მოწერის შემდეგ, იმ სალოცავში არავინ უშვებს არც მომლოცველებს და არც მოძღვრებს და ჩადიხარ ზედმეტად მოჭარბებული კრიტიკის ტელევიზიასთან ერთად, იცი, რომ იქ შესაძლებელია მოხდეს უსიამოვნება ამ დღეს. ვფიქრობ, ამასაც პროვოკაციის ელფერი გასდევს”, — განაცხადა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ.

ივერი მელაშვილი, რომელიც ბრალდებულია საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის მუხლით, საზღვრის დელიმიტაციისა და დემაკრაციის კომისიის თავმჯდომარე არასდროს ყოფილა — ის კომისიის ექპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა — ხოლო დავით-გარეჯის მონაკვეთზე საზღვარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმებული არ არის.

პროკურატურა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ედავება, რომ კომისიაში მთელი საქმიანობის პერიოდში გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი, რომელზეც საზღვარი საქართველოსთვის ხელსაყრელ კოორდინატებზეა დატანილი, თუმცა არ გამოუყენებიათ ეს რუკა საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. ბრალდებულები საუბრობენ, ერთი მხრივ, 1:200 000-იანი მასშტაბის რუკის ტექნიკურ წუნზე, მეორე მხრივ, იმაზე, რომ რუკა მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების (რომლის მიხედვითაც დავალებული ჰქონდათ საზღვრის დელიმიტაცია) ნაცვლად, 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებდა, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედიოდა.

2019 წლის აპრილში აზერბაიჯანელი მესაზღვრების მიერ უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკის ჩაკეტვას წინ უძღოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონახულება და განცხადება, რომ აუცილებელია, ძეგლის აღდგენაზე მუშაობა დაიწყოს. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე გადაადგილება შეიზღუდა. ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა 2012 წლის მაისში, როდესაც დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტრის ნაწილი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაიკავეს და ტურისტებსა და მომლოცველებს საქართველოდან ქედის თხემს მიღმა გადასვლა აეკრძალათ.

ამავე თემაზე მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის პოზიცია შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე:

“ბოდიშს ვუხდი ამ ორ ადამიანს” – ეპისკოპოსი ილიჩოვასა და მელაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი