ახალი ამბები

სად არის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი?

23 თებერვალი, 2017 • 3799
სად არის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი?

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ბათუმიდან ისევ თბილისში გაემგზავრა. ბათუმში ჩამოსული მიტროპოლიტი აჭარაში სასულიერო პირებს შეხვდა, თუმცა შეხვედრის დეტალების შესახებ სასულიერო პირები არ საუბრობენ.

მიტროპოლიტის მდივნის, თამარ ჩხაიძის განცხადებით, მეუფე დიმიტრი გამოძიების დასრულებას ელოდება. ბოლო დღეებია მიტორპოლიტს კომენტარი არ გაუკეთებია დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების თემაზე, რომელიც მის ეპარქიაში მსახურობდა, იყო წმ. ბარბარეს ეკლესიის წინამძღვარი.

“გამოვხატავ ჩემს დიდ გულისტკივილს მომხდარი მოვლენების გამო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საუკუნის ტრაგედიად. ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომელსაც ნდობას ვუცხადებთ. ვიმედოვნებთ, კანონის უმკაცრესი სასჯელით დაისჯება ამ ვერაგული განზრახვის ყველა მონაწილე, განურჩევლად მათი სტატუსისა“ – ეს პოსტი მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე 14 თებერვალს გამოაქვეყნა.

მიტროპოლიტი დიმიტრი ბერლინში პატრიარქთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ტელეეკრანებზე აღარ გამოჩენილა, ის არ ესწრებოდა პრეზიდენტის შეხვედრას პატრიარქთან სინოდის წევრებთან ერთად. დაკავებული დეკანოზის ადვოკატების თქმით, სასულიერო პირებიდან, მათი ინფორმაციით, გიორგი მამალაძე მხოლოდ მიტროპოლიტმა პეტრემ და მიტროპოლიტმა ანდრიამ მოინახულეს.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი პატრიარქის ძმისშვილია. იგი სხვა, მაღალი წოდების სასულიერო პირებთან ერთად თან ახლდა პატრიარქს გერმანიაში.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

ბათუმის და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენცია

ბათუმის და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენცია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი