ახალი ამბები

ქანთარია: პატრიარქის არყოფნაში ეკლესიას საფრთხე შეექმნა, ამაში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ

22 თებერვალი, 2017 • 2407
ქანთარია: პატრიარქის არყოფნაში ეკლესიას საფრთხე შეექმნა, ამაში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით,  პატრიარქის არყოფნის განმავლობაში მართლმადიდებელ ეკლესიას საფრთხე შეექმნა, რაშიც მისი თქმით, სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ.

“პატრიარქის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, თუმცა მის არყოფნაში გარკვეული საფრთხე დატრიალდა სწორედ ეკლესიის მიმართ და ამაში ბევრმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, სასულიერო პირებმა. თუ ეკლესიას იდუმალების საბურველი ჩამოეცლება, რის გამოც მორწმუნე თუ არამორწმუნე მოწიწებითა და პატივისცემითაა განმსჭვალული ამ ინსტიტუტის მიმართ, რა თქმა უნდა, მაშინ უკვე დაიწყება ძალიან სახიფათო პროცესები და რეანიმაციის საშუალება მიეცემა უღმერთოთა კავშირს, რომლის ფარული წევრები, დღეს ვხედავთ, შიგადაშიგ, რა თქმა უნდა, არიან და უფლის სახლის დისკრედიტაცია არავინ უნდა დავუშვათ,” – განაცხადა ქანთარიამ.

მისივე სიტყვებით, ეს არის არა მარტო ამ ინსტიტუტზე, არამედ საქართველოზე დარტყმა:

“ნებით თუ უნებლიეთ ჩვენი სულიერი სხეულის რღვევის საშუალება არავის უნდა მივცეთ. პროკურატურამ ის გააკეთა, რაც უნდა გაკეთებინა. ჩვენ გამოძებას უნდა დაველოდოთ, მან უნდა გაარკვიოს, ვინაა მტყუანი და ვინ მართალი. დიდი იმედი მაქვს, რომ პატრიარქის მდივნის განცხადების შემდეგ შეწყდება სხვადასხვა ვერსიების გამოთქმა.”

21 თებერვალს პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ საპატრიარქო  სრულ ნდობას უცხადებს გამოძიებას.

გვჯერა, რომ ისინი ობიექტურად შეისწავლიან და საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც იქნება აბსოლუტურად დამაჯერებელი და სადაც იქნება ჭეშმარიტება ასახული.”

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი