ახალი ამბები

ენმ-მ ფარული მოსმენების დარეგულირების “ორგასაღებიანი” მოდელი წარმოადგინა

22 თებერვალი, 2017 • 6316
ენმ-მ ფარული მოსმენების დარეგულირების “ორგასაღებიანი” მოდელი წარმოადგინა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაზა ბიბილაშვილმა საგამოძიებო უწყებების მხრიდან ფარული მოსმენების განხორციელების მოდელი წარმოადგინა, რომელიც ე.წ. ორგასაღებიან სისტემას ეფუძნება. ამის შესახებ ბიბილაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ენმ-ის მიერ შემოთავაზებული ინიციატივა ითვალისწინებს, ერთი მხრივ, მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის ეფექტურ გარანტიებს და, მეორე მხრივ, არ შეაფერხებს სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით შესაბამისი სამსახურების მუშაობას და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

ბიბილაშვილის განმარტებით, ენმ-ის ინიციატივა მოიცავს შემდეგ ასპექტებს:

  1. შეიქმნას აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი უწყება, რომელიც არ განახორციელებს საგამოძიებო უფლებამოსილებას. ის ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ პარლამენტის წინაშე. ფარული მიყურადების ტექნიკური აღჭურვილობა სწორედ ამ უწყებაში უნდა იყოს განთავსებული.
  2. ორი გასაღების პრინციპი – ერთი, ზემოაღნიშნული უწყების და მეორე, სასამართლოს ხელში. ორივე ამ გასაღების „ჩართვაა“ საჭირო, რათა პირის ფარული მიყურადება განხორციელდეს.
  3. სახალხო დამცველს, ასევე პარლამენტის უმრავლესობის ერთ და უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატებიდან ერთ წევრს მიეცეთ ფარული მოსმენების მონიტორინგის და კანონიერების შემოწმების უფლება – სახალხო დამცველს და პარალმენტის ორ წევრს (ერთს შეარჩევს  უმრავლესობა, ხოლო მეორეს – საპარლამენტო ოპოზიცია) ექნებათ შეუზღუდავი (დღის ნებისმიერ მონაკვეთში და ნებისმიერი ხანგრძლივობით) წვდომა ადგილზე იმ ტექნიკურ აღჭურვილობასთან, საიდანაც ხდება ფარული მოსმენა და შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტებთან (სამართალდამცავი ორგანოს შუამდგომლობა სასამართლოსადმი და სასამართლოს გადაწყვეტილება; ან დადგენილება გადაუდებელი ფარული მოსმენის თაობაზე და შემდგომი სასამართლო თანხმობა), რის საფუძველზე ხდება მოსმენის განხორციელება. ამ პირებს მიენიჭებათ უფლებამოსილება, მობილური ოპერატორებისგან მიიღონ ინფორმაცია შესაძლო ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით. მონიტორინგის განმახორციელებელი ზემოაღნიშნულ პირებს მიყურადების ქვეშ მყოფი საუბრის შინაარსზე დაშვება აქვთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც სხვაგვარად ვერ ხერხდება მიყურადების კანონიერების შემოწმება.  ეს პირები ხელს აწერენ ინფორმაციის გაუთქმელობის დოკუმენტს. ამ ინიციატივით იქმნება ფარული მოსმენის კანონიერების შესწავლის ეფექტური მექანიზმი.

ენმ გამოხატავს სურვილს, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან’’ – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული პაკეტი მიმდინარე კვირაში განიხილება. თუ როგორ ხედავს მმართველი გუნდი ფარული მოსმენების საკითხის გადაწყვეტას, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი