ამნისტიის კანონპროექტის მიხედვით, სასჯელისგან თავისუფლდებიან პირობით მსჯავრდებული პირები, სასჯელის ვადისა და დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, რომლებსაც აღნიშნული სასჯელი შეფარდებული აქვთ სასამართლოს მიერ ამნისტიის შესახებ წინამდებარე კანონის მიღების დღემდე, ასევე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ვადის მიუხედავად, პირები, რომლებიც ამ კანონის ძალაში შესვლის დროისათვის მსჯავრდებულნი არიან გაუფრთხიელებელი დანაშაულისათვის.
სასჯელისგან გათავისუფლდებიან, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ვადის მიუხედავად, პირები, რომლებიც ამ კანონის ძალაში შესვლის დროისათვის მსჯავრდებულნი არიან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, გარდა იმ დანაშაულისა, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:
1. 139-ე მუხლი – სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება
2. 140-ე მუხლი – სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან;
3. 141-ე მუხლი – გარყვნილი ქმედება
4. 1433-ე მუხლის პირველი ნაწილი – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა;
5. 146-ე მუხლის პირველი ნაწილი – უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში;
6. 147-ე მუხლის პირველი ნაწილი – განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება
7. 153-ე მუხლი – სიტყვის თავისუფლების ხელყოფა
8. 161-ე მუხლი – შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა;
9. 162-ე მუხლი – არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა;
10. 164-ე მუხლი – ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება;
11. 1641-ე მუხლი – ამომრჩევლის მოსყიდვა;
12. 1642-ე მუხლი – ყალბი დოკუმენტის საფუძველზე არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში მონაწილეობის მიღება;
13. 1643 მუხლი – არჩევნების გაყალბება;
14. 335-ე მუხლის პირველი ნაწილი – განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება.
ვინც ზემოთ ჩამოთვლილი მუხლებით გათვალისწინებულ სასჯელს იხდის, იმ პირებს კანონპროექტით ამნისტია არ შეეხება.
აღსანიშნავია, რომ პატიმრებს, რომლებსაც დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელი დაენიშნათ თითოეული დანაშაულისათვის და საბოლოო სასჯელის დანიშვნისას მოხდა მათი შეკრება, ამ კანონის მოქმედება შეეხებათ თითოეული სასჯელისათვის ცალ-ცალკე.
აღნიშნული ამნისტიის საფუძველზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლობა ჩაეთვლებათ მოხსნილად.
ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან დამატებითი სასჯელისაგან. ამნისტია არ ვრცელდება გადახდილ ჯარიმებზე, რომლებიც შეფარდებულია როგორც ძირითადი სასჯელი.
კანონის ძალაში შესვლის სასურველ თარიღად კანონპროექტში მითითებულია 23 ნოემბერი და მისი აღსრულება უნდა მოხდეს ორი თვის განმავლობაში.