ახალი ამბები

დეკანოზი გიორგი მამალაძე ავერსის კლინიკაში გადაიყვანეს

21 თებერვალი, 2017 • 7129
დეკანოზი გიორგი მამალაძე ავერსის კლინიკაში გადაიყვანეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც პარასკევს საღამოს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ჩაფიძის გულის კლინიკაში მოათავსეს, დღეს ავერსის კლინიკაში გადაიყვანეს.

დეკანოზის სხვა კლინიკაში გადაყვანას წინ უსწრებდა ჩაფიძის კლინიკის წარმომადგენლის, გულიკო ჩაფიძის ვიზიტი საპატრიარქოში.

“მე უწმინდესთან დავდივარ კვირაში რამდენჯერმე, როგორც ექიმიც და ისეც. ჩამოვიდა უწმინდესი და მოვედი, რომ ვინახულო. არავითარ ინფორმაციაზე საუბარი არაა”, – განუცხადა ჩაფიძემ ჟურნალისტებს საპატრიარქოში შესვლის წინ. მანვე განაცხადა, რომ დეკანოზს ჰქონდა ფილტვების ანთება და “ახლა ბევრად უკეთაა”.

ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ „დეკანოზი რამდენიმე საათით იქნება ავერსის კლინიკაში და შემდეგ ისევ ჩაფიძის კლინიკაში დააბრუნებენ“. მისივე ინფორმაციით, ავერსის კლინიკაში დეკანოზს ის გამოკვლევები ჩაუტარდება, რაც არ კეთდება ჩაფიძის კლინიკაში.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი