ახალი ამბები

გოორგი ქადაგიძე: საპარლამენტო უმრავლესობა ეროვნულ ბანკზე გავლენის მოპოვებას ცდილობს

14 ნოემბერი, 2012 • • 1123
გოორგი ქადაგიძე: საპარლამენტო უმრავლესობა ეროვნულ ბანკზე გავლენის მოპოვებას ცდილობს

გიორგი ქადაგიძე
გიორგი ქადაგიძე

გიორგი ქადაგიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის მიერ 13  ნოემბერს საქართველოს პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

“საქართევლოს ეროვნული ბანკი და მე, როგორც მისი ხელმძღვანელი, ყოველთვის ვერიდებოდი მკვეთრ განცხადებებს, არასოდეს გვიპასუხია ექსპერტების და პოლიტიკოსების ბრალდებებზე. თუმცა ახლა განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთდა, რომელსაც უპასუხოდ ვერ დავტოვებ,” – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

 

მისი თქმით, დავით საგანელიძემ უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა, როდესაც განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი თავისი უმთავრესი ფუნქციის საბანკო ზედამხედველობის განხორციელების დროს ახდენს საბოტაჟს ქვეყნის წინაშე. 

 

“ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა განსაზღვრულია ქვეყნის კონსტიტუციით. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის უაპელაციო განცხადება გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვივარაუდოთ, რომ ადგილი აქვს ეროვნულ ბანკზე ზეწოლას და  გავლენის მოპოვების მცდელობას. ღია და დაუდევარ განცხადებებს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას. ამ ტიპის განცხადებებით ხდება ანტისაბანკო ისტერიის გაღვივება და დისკრედიტაციის მცდელობა” – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

 

მისი თქმით, დავით საგანელიძემ უნდა განუმარტოს საზოგადოებას, რას ეფუძნება პარლამენტის ტრიბუნიდან მის მიერ გაკეთებული მძიმე ბრალდება.

 

“მე, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გამოვთქვამ მზადყოფნას, ვითანამშრომლო ახალ სამთავრობო გუნდთან. მზად ვარ პარლამენტის ნებისმიერ ფრაქციას მოვახსენო ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შესახებ,” – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი