ახალი ამბები

ექიმი: კლინიკიდან დეკანოზის გაწერის საკითხი 1-2 დღეში გადაწყდება

20 თებერვალი, 2017 • 3001
ექიმი: კლინიკიდან დეკანოზის გაწერის საკითხი 1-2 დღეში გადაწყდება

ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის, კარდიოლოგიის დეპარტამენტის უფროსის, სოფიო უნგიაძის განცხადებით, მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზს გიორგი მამალაძეს პნევმონიის დიაგნოზი დაუსვევს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და გაწერის საკითხი 1-2 დღეში გადაწყდება.

“ამჟამად მდგომარეობა უცვლელია, სტაბილურია. როგორც გუშინ მოგახსენეთ, განსაკუთრებულ გართულებებს ამ დროისთვის ადგილი არ აქვს, ყოველდღიურად დინამიკაში კონტროლდება გამოკვლევები, როგორც სისხლის ლაბორატორიული ანალიზები, ასევე, ინსტრუმენტული გამოკვლევები. განსაკუთრებული ცვლილებები ამ დროისთვის არ არის. დიაგნოზი არის პნევმონია. კლინიკიდან გაწერის საკითხი გადაწყდება 1-2 დღეში. დღეს, დღის მეორე ნახევარში, დაგეგმილია გაფართოებული კონსილიუმი”,- განაცხადა სოფო უნგიაძემ, კლინიკის კარდიოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, ჟურნალისტებთან საუბრისას.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში 17 თებერვალს, 20:00 საათზე, გონების კარგვის დიაგნოზით შეიყვანეს.

დეკანოზი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საავადმყოფოში ისე გადაიყვანეს, რომ ამის შესახებ ადვოკატი ინფორმირებული არ იყო. ადვოკატმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მაღალი სიცხე და წნევა ჰქონდა.


რა ვიცით აქამდე?

  • დეკანოზი გიორგი მამალაძე  მკვლელობის მომზადების ბრალდებით პროკურატურამ 2017 წლის 10 თებერვალს დააკავა. ამის შესახებ საჯაროდ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 13 თებერვალს განაცხადა, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია რუსთავი 2-მა გაავრცელა.
  • „ნატრიუმის ციანიდი“- პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას დეკანოზის ბარგიდან ეს ნივთიერება ამოიღეს. მამალაძე თბილისის აეროპორტში დააკავეს, საიდანაც, პროკურატურის თქმით, ბერლინში მიფრინავდა.
  • გენერალურმა პროკურორმა 13 თებერვალს  განაცხადა, რომ გამოძიებას ამის შესახებ მოქალაქემ შეატყობინა. “მოქალაქის თქმით, გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდი, რათა “მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”.
  • 13 თებერვალს პროკურატურამ ასევე გაავრცელა ცნობა, რომელშიც ნათქვამია: “როგორც გაირკვა, გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე”

მასალების გადაბეჭდვის წესი