ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი: მთავრობამ და პრეზიდენტმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას

13 ნოემბერი, 2012 • 962
აშშ-ის ელჩი: მთავრობამ და პრეზიდენტმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას

“ნათელია, რომ არჩევნები დასრულდა, მაგრამ ამჟამად საქართველო იმყოფება პოლიტიკურად გარდამავალ პერიოდში და შეიძლება ამ პერიოდშიც ვიხილოთ არჩევნებისთვის დამახასიათებელი რიტორიკა ან მოვლენები. როდესაც ნებისმიერი ადამანის დაკავება ხდება, ჩვენ გვიჩნდება სურვილი, რომ პროცესი წარიმართოს სამართლის სრული მოთხოვნების და კანონის უზენაესობის გათვალისწინებით. ჩვენ ამ პროცესებს ვაკვირდებით და თვალს ვადევნებთ”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

 

მისივე თქმით, ნატოსთვის მნიშვნელოვანია, თუ ვინ მართავს საქართველოს შეარაღებულ ძალებს:

 

“მთავრობამ და პრეზიდენტმა უნდა იმუშაონ და მიაღწიონ შეთანხმებას, რათა ისეთი პირი შეარჩიონ, რომელიც პასუხისმგებლობით გამსჭვალული იქნება და ამ საქმიანობას სათანადოდ წარუძღვება. ჩვენ ამ თემაზე კონსულტაციები გვაქვს საქართველოს მთავრობასთან  და ველით, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება. მნიშვნელოვანია ასევე, რომ არ მოხდეს პოლიტიკური ქულების დაწერა ამ თემის ირგვლივ.”

 

შეგახსნებეთ, რომ საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე 7 ნოემბერს დააკავეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით. იგი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც უფლებამოსილია გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის დანიშვნაზე, კალანდაძე ისევ თანამდებობაზე დააბრუნა. ამის შემდეგ კალანდაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილება სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეუჩერა.

 

დღეს საქართველოს პროკურატურამ კიდევ ერთ, სხვა საქმესთან დაკავშირებით, თუმცა იგივე ბრალდებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) მოითხოვა გიორგი კალანდაძის დაპატიმრება, თუმცა სასამართლოს ჯერ ამ საკითხზე არ უმსჯელია.

 

საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის თანამდებობას ამ დროისთვის ვახტანგ კაპანაძე ასრულებს, რომელიც შტაბის უფროსის მოადგილედ ცოტა ხნის წინ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დანიშნა.

 

გუშინ საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს, ხოლო ხვალ, 14 ნოემბერს მასთან შეხვედრას გამართავენ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. სწორედ ამ ვიზიტების შემდეგ მოხდება გაერთიანებული შტაბის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა. ანდერს ფოგ რასმუსენმა გუშინ უკვე გამოთქვა შეშფოთება საქართველოში “პოლიტიკური ოპონენტების დაკავების” გამო. ხოლო ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი თბილისში, რომელიც ნოემბრის ბოლოს იყო დაგეგმილი, სწორედ გაერთიანებული შტაბის უფროსის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი