ახალი ამბებისამართალი

84 ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

20 თებერვალი, 2017 • 1928
84 ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

იუსტიციის უმაღლესმა სასამართლომ საქართველოს მასშტაბით საერთო სასამართლოებში 84 ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.

ყველაზე მეტი ვაკანსია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, 15 საშტატო ერთეულზე არის გამოცხადებული.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 2017 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ამჟამად მოსამართლეები სამწლიანი გამოსაცდელი ვადით ინიშნებიან. საერთო სასამართლოებში უვადოდ ინიშნებიან საკონსტიტუციო სასამართლს ან უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები, ასევე მოსამართლეები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სამწლიანი გამოსაცდელი ვადა.

მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

1. იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებს.

2. მოქმედ მოსამართლეებს.

3. ყოფილ მოსამართლეებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებულნი იყვნენ მოსამართლის თანამდებობაზე კონკურსის წესით და აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან მხოლოდ ის ყოფილი მოსამართლეები, რომელთა უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ არის გასული 7 წელი.

მოსამართლედ არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი, აგრეთვე პირი, რომელიც გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო. ასევე, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღარ არსებობს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმა, რომლის საფუძველზეც პირი განთავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა შეავსოს განაცხადის ელექტრონული ფორმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდის საშუალებით.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი