ახალი ამბები

ავტობუსების მოძრაობა აღდგა

13 ნოემბერი, 2012 • 1161
ავტობუსების მოძრაობა აღდგა

ავტობუსების მძღოლებმა გაფიცვის შეწყვეტის გადაწყვეტილება გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტეს, რომელიც მათ დაპირდა, რომ მათ მიერ წამოყენებული ყევლა მოთხოვნა სათანადოდ იქნება განხილული.

 

ქალაქში ავტობუსების მოძრაობის აღდგენას მიესალმება თბილისის მერია და  პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, გააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რომ თბილისელებმა შეუფერხებლად  შეძლონ გადაადგილება.

 

ძალაში რჩება თბილისის მერიის ოფიციალური შეთავაზება, სატრანსპორტო კომპანიის 100%-იანი წილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცეს. მერიის განცხადებით, არც ერთ კანონში არ არის პირდაპირ მითითებული, თითქოს ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანა უნდა განხორციელდეს უშუალოდ ქ. თბილისის მერიის ორგანოების მიერ.

 

“მივესალმებით საკითხის განხილვას ,,შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიის“ მიერ და გამოვთქვამთ მზადყოფნას ჩავერთოთ საკითხის გადაწყვეტის პროცესში ამ კომისიის ფარგლებში, იმისათვის რომ დაცული იყოს, როგორც მძღოლების, ასევე მთლიანად თბილისის მოსახლეობის ინტერესები”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ ავტობუსების დაახლოებით 1400–მდე მძღოლი 8 ნოემბერს გაიფიცა, მათ 16– პუნქტიანი მოთხოვნები შეიმუშავეს, გაფიცვის მთავარი მიზეზი ხელფასებით და სამუშაო პირობებით უკმაყოფილება იყო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი