ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ინტერესების დამცველის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მას არ უთქვამს, რომ კონკრეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დოჰას ტურნირის ხელმძღვანელობას ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნის მოთხოვნით მიმართეს. ჭკადუამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, რომ კონკრეტული წერილი არსებობს, თუმცა თავს იკავებს მის შინაარსსა და ავტორებზე საუბრისგან.
რა მოხდა?
ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართველი ჩოგბურთელია, რომელიც წარმატებული სპორტული კარიერის ფონზე, 2020 წლის მაისში ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა 100,000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას ბრალი აქვს წარდგენილი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობაში.
11 მარტს ბასილაშვილმა დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში მსოფლიოს #6 ჩოგანი, 39 წლის როჯერ ფედერერი დაამარცხა.
მეორე დღეს, 12 მარტს კი, ჩოგბურთელის ინტერესების დამცველმა, ირმა ჭკადუამ, სახალხო დამცველს მოუწოდა, დაიცვას ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც “ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია”. ჭკადუას თქმით, ხედავს, რომ მიმდინარე დღეებში სოციალურ ქსელში “[მიმდინარეობს] მასობრივი შტურმი ნიკოლოზ ბასილაშვილის იმიჯზე, ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და ა.შ”.
“ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ უფლებამდაცველებს და ნიკოლოზ ბასილაშვილს უკვე მოძალადედ მოიხსენიებენ, ეს არის ცალსახად უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, რაც გარანტირებული უფლებაა ჩვენი კონსტიტუციით”, — აღნიშნავს ის.
ჭკადუას ამ განცხადების შემდეგ, მედიის ნაწილმა მისივე სახელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ დოჰას ტურნირის ხელმძღვანელობას მიმართა, მოხსნან ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნიდიდან.
“ჩემი თვალით რაც არ მინახავს, ასე ხელაღებით ვერ ვიტყვი”
ირმა ჭკადუას ვკითხეთ, ნამდვილად მას ეკუთვნის თუ არა ზემოთ გაჟღერებული ინფორმაცია. ადვოკატმა გვიპასუხა:
“ტეტჩერის სიტყვებს გამოვიყენებ: მე პასუხს ვაგებ იმაზე, რაც მე ვთქვი და არა იმაზე, რაც სხვამ გაიგო. მე რაც ვთქვი, მგონი, ეს ყველამ გაიგო.
ის, რომ ტურნირის ოფიციალურ გვერდზე გარკვეული წერილი მისულია, ეს ნამდვილად ესეა, თუმცა არ ვიცი კონკრეტული გვარ-სახელები, რადგან ტურნირის ორგანიზატორები ამას ასე არ ახმაურებენ. უბრალოდ, გარკვეული ინფორმაცია მოგვაწოდეს”, — აღნიშნავს ირმა ჭკადუა “ნეტგაზეთთან” საუბრისას დღეს, 13 მარტს.
დამაზუსტებელ კითხვას, ზუსტად იცის თუ არა, რომ მიმართვის ავტორები არასამთავრობოები არიან, როგორც ეს 12 მარტის საღამოს, მისი სახელით გავრცელდა, ირმა ჭკადუა პასუხობს:
“ნამდვილად ვერ გეტყვით, კონკრეტულად ჩემი თვალით რაც არ დამინახავს, ასე ხელაღებით ვერ ვიტყვი. უბრალოდ, ასეთი ინფორმაცია არსებობს.
გარდა ამისა, არსებობს კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებული ექაუნთებიდან ოფიციალურ გვერდზე კომენტარები. დანარჩენზე მე ვერაფერს გეტყვით. ადვოკატი ვარ და მაქვს იმის უფლება, რომ რაღაც დეტალებზე არ ვისაუბრო”.
ირმა ჭკადუას ვკითხეთ, დანამდვილებით შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ მას არ გაუჟღერებია ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც არასამთავრობოებმა მიმართეს ადმინისტრაციას, მოხსნან ბასილაშვილი ტურნირიდან.
“კი, ნამდვილად… მე ასეთი წინადადება ნამდვილად არ მითქვამს, თუმცა ასეთი ინფორმაცია არსებობს. უბრალოდ, არის რაღაცები, რაზეც ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ”, — ამბობს ადვოკატი.
“ნეტგაზეთი” ასევე დაინტერესდა, კონკრეტულად რა სახის მიმართვაზე საუბრობს ადვოკატი და გახმიანებულია თუ არა მასში მოთხოვნა ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნის შესახებ.
“სანამ არ შევათანხმებ გარკვეულ ადამიანებთან, ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ”, — გვიპასუხა ირმა ჭკადუამ და დაამატა, რომ უმჯობესია, ჯერ ტურნირი დასრულდეს, ასევე, კონსულტაციები გაიაროს სხვა ადვოკატებთან.
კიდევ ერთ კითხვას, რას ფიქრობს, რატომ გავრცელდა მისი კომენტარი ამ ფორმულირებით, ჭკადუა პასუხობს:
“ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი მიმართვა არსებობს, თუმცა არ შემიძლია, ამაზე მეტი გითხრათ”.
გამოხმაურებები NGO სექტორიდან და სახალხო დამცველისგან
მედიის ნაწილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 13 მარტს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”, რომლის წარმომადგენელი ანა აბაშიძე სასამართლოში ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ინტერესებს იცავს. ორგანიზაცია სიცრუეს უწოდებს ცნობებს NGO-ების მიმართვაზე.
ორგანიზაციის თქმით, ეს ინფორმაცია “არის ცრუ და ემსახურება ერთის მხრივ ხალხის მოტყუებას და სიცრუეში შეყვანას, ხოლო მეორეს მხრივ, ადვოკატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და [ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის] ნელი დოროყაშვილის, როგორც დაზარალებულის, დამატებით ფსიქოლოგიურ დათრგუნვას”.
როგორც ხსენებულ ცნობებს, ისე ირმა ჭკადუას განცხადებებს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე, გამოეხმაურა თავად ანა აბაშიძეც. მისი თქმით, “ქალბატონმა ჭკადუამ ძალიან კარგად იცის რომ ადვოკატი სამართლებრივადაც ვერ დაარღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას”.
“ისიც იცის, რომ ბატონი ნიკოლოზი და მისი მშობლები სასამართლო გადაწყვეტილებით ოჯახში მოძალადედ არიან ცნობილები ორი მსხვერპლის მიმართ (შემაკავებელი ორდერებია გამოცემული). ეს გადამოწმებადი ფაქტებია.
მაგრამ მაინც არწმუნებს ნიკოლოზს, რომ რაღაც სამართლებრივი გზა არსებობს ადვოკატების გასაჩუმებლად… ამავდროულად საზოგადოებას უქმნის წარმოდგენას რომ დიდი უსამართლობა ხდება ბასილაშვილის მიმართ. ამით სურს, შეინარჩუნოს მხარდაჭერა ოჯახში მოძალადის მიმართ”, — დასძენს ის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში.
NGO-ების მიმართვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობას სიცრუეს უწოდებს სახალხო დამცველიც. ომბუდსმენის ფეისბუქ გვერდმა გააზიარა ერთ-ერთი ვევგბერდის მასალა, რომლის სათაურიც გვაუწყებს, რომ “ქართულმა არასამთავრობოებმა ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნა მოითხოვეს”, გარეკნის ფოტოზე კი ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნინო ლომჯარია არიან გამოსახულნი.
“მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია სახალხო დამცველის წინააღმდეგ გრძელდება, გავრცელებული ინფორმაცია არის მანიპულაცია და სიმართლეს არ შეესაბამება”, – აღნიშავს ნინო ლომჯარიას აპარატი.