“ბანკი ქართუს” თანამშრომლებისთვის ბრალი არ წაუყენებიათ

ბანკი ”ქართუს” თანამშრომლები მოწმის სტატუსით დაკითხვის შემდეგ, გუშინ გვიან ღამით, გაათავისუფლეს. ჯერჯერობით, არც ერთი დაკითხული პირის მიმართ სამართლებრივი დევნა არ ხორცილდება. ამის შესახებ ”ნეტგაზეთს” ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განუცხადა.

ბანკი ”ქართუს” თანამშრომლები მოწმის სტატუსით დაკითხვის შემდეგ, გუშინ გვიან ღამით გაათავისუფლეს. ჯერჯერობით, არცერთი დაკითხული პირის მიმართ სამართლებრივი დევნა არ ხორცილდება. ამის შესახებ ”ნეტგაზეთს” ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განუცხადა.

ადვოკატის თქმით, მოწმეთა დაკითხვის პროცედურები დარღვევით წარიმართა: ”როგორც გუშინ გამომძიემბლებმა განაცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს 194-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება). ბანკი ”ქართუს” თანამშრომლები, რომლებიც გუშინ დააკავეს, მოგვიანებით დაკითხეს მოწმის სტატუსით. “მოგვიანებით”, ამას ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ ისინი ხუთი საათიდან  პოლიციის შენობაში ჰყავდათ, რატომღაც საგამოძიებო მოქმედებები, ანუ დაკითხვა აწარმოეს ცხრა საათისთვის. დაახლოებით 11 საათიდან კი მათი გამოშვება დაიწყეს ეტაპობრივად,” – აღნიშნავს ლილი გელაშვილი.  

მისი თქმით, დაკითხვისას ადვოკატებს უფლება არ მისცეს, შეხვედროდნენ მოწმეებს და მათ პოლიციამ იძულებით ათქმევინა უარი ადვოკატებთან შეხვედრაზე.

”მას შემდეგ, რაც სამი ადვოკატი, შემდეგ ორი ადვოკატი კიდევ დაგვემატა, ორდერებით წარვსდექით განყოფილების უფროსის, ანუ ვინც ამ გამოძიებას კურირებდა, ზურაბ პავლიაშვილის წინაშე.  მან განგვიცხადა, რომ როგორც კი საგამოძიებო მოქმედებები დაიწყებოდა, მათ შეგვახვედრებდა. გამომძებელმა მცირე ხნით გვთხოვა მოცდა, რომელიც მალე რამოდენიმე საათში გადაიზარდა.  დაკავებულებს იძულებით ათქმევინეს უარი ადვოკატების ჩართვაზე და მონაწილეობაზე. გავიხსენებ ერთ ფაქტს: ერთ-ერთი მოწმის, ინკასატორის ზაზა ყაველაშვილის დაკითხვამდე ასეთი რამ მოხდა – ის თვითონ კი არ გამოხატავდა ნებას, არ დაესწროს ადვოკატიო, არამედ პოლიციელთა და გამომძიებელთა თანამშრომელთა მხრიდან იყო ზეწოლა. ერთ-ერთი გამომძიებელი ხმამაღლა მიმართავდა, ხომ არ გინდა, ვინმე რომ დაგესწროსო?” – აღნიშნავს გელაშვილი.

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს მოწმეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებზეც.

”რაც შეეხება ზეწოლის ფაქტებს, მოწმეებზე რაიმე ფიზიკური ზეწოლის ფაქტები არ შემიმჩნევია. მაგრამ ის, რომ ისინი იქიდან დათრგუნულები გამოდიოდნენ და არათუ ადვოკატებს, ნათესავებსაც ვეღარ ელაპარაებოდნენ, ეს ფაქტია,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” ადვოკატმა ლილი გელაშვილმა.   მისი თქმით, ამ ეტაპზე სამართალდამცავბის მიერ “ქართუ ბანკის” კუთვნილი ფულის დაბრუნების საკითხი არ განიხილება.

”რაც შეეხება ფულის დაბრუნების საკითხს, სამართლებრივად ჯერ გუშინ დაიწყო გამოძიება და, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება. ვიმეორებ, გუშინ როგორც განმიმარტეს, ჯერჯერობით, არც ერთი დაკითხული პირის მიმართ სამართლებრივი დევნა არ ხორცილდება. მიმდინარეობს გამოძიება,” -აღნიშნავს გელაშვილი.

18 ოქტმბერს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისიდან გამოსული „ქართუ ბანკის“ ინკასაციის  მანქანას თავისუფლების მოედანზე დახვდნენ სპეცდანიშნულების რაზმისა და პოლიციის თანამშრომლები. სამართალდამცავებმა დააკავეს ბანკი „ქართუს“  6 თანამშრომელი: მოლარეები – ინგა ჯავახია, ირმა ქეთიშვილი, ლია მაღრაძე, ნატო დავითულიანი და ინკასატორები – არჩილ ჯაფარაშვილი და ზაზა ყაველაშვილი. პოლიციამ ასევე წაიყვანა ბანკის კუთვნილი ინკასაციის მანქანა, რომელსაც გადაჰქონდა ბანკი „ ქართუს“კუთვნილი თანხა – დაახლოებით 1 მილიონი აშშ დოლარი და 1 მილიონი ევრო.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გუშინ შსს–მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს რამდენიმე პირი, რომლებსაც თან ჰქონდათ დიდი ოდენობით ნაღდი ფული. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს   სსკ-ის  194-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებას. საქმეს იძიებს ძველი თბილიის  რაიონული სამმართველო.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ოთო დალაქიშვილი