ახალი ამბები

თბილისის მთავრობა მძღოლების მხოლოდ ერთ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს

8 ნოემბერი, 2012 • 1007
თბილისის მთავრობა მძღოლების მხოლოდ ერთ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს

ავტობუსის მძღოლების გაფიცვასთან დაკავშირებით დღეს საკრებულოში სხდომა გაიმართა. საკრებულის წარმომადგენლების განცხადებით, მძღოლების დანარჩენი 15 მოთხოვნა შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილდება. 

 

“დღეს შეხვედრას ყველა პოლიტიკური პარტია ესწრებოდა, მძღოლების მოთხოვნები განხილვაშია და ნაწილი დაკმაყოფილებულია. ყველაზე პრობლემური ხელფასების საკითხია, ახალი ბიუჯეტის დამტკიცებისას ეს საკითხი მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ”, – გამაცხადა საკრებულოს წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” კოკი იონათამიშვილმა.

 

საკრებულოს წევრები, სატრანსპორტო კომპანიისა და თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მძღოლებს მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებისკენ მოუწოდებენ:

 

“თითოეული მძღოლის სოციალური პირობების გაუმჯობესება ჩვენთვის ერთ–ერთი პრიორიტეტული საკითხია. მძღოლების მიერ წამოყენებული საკითხები გადაწყვეტადია, ამიტომ ვთხოვთ მძღოლებს, დაუბრუნდნენ სამუშაოს”, – განაცხადა თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ, მისი თქმით წელს ხელფასების გაზრდა ფიზიკურად შეუძლებელია, ხოლო მომავალ წელს ხელფასების გადახედვა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხაზეა დამოკიდებული, რომელიც როგორც ცნობილია 100 მილიონი ლარით უნდა შემცირდეს.

 

ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა იმედოვნებს, რომ მძღოლები მუშაობას ხვალ დილიდან შეუდგებიან, მისი განცხადებით გაფიცვისკენ მძღოლებს “ქართული ოცნების” წარმომადგენელი საკრებულოს წევრები ბოლო ორი კვირის მანძილზე მოუწოდებდნენ, თუმცა დღეს მიხვდნენ, რომ ეს პრობლემა ცენტრალური ხელისუფლების მოსაგვარებელია:

 

“მე იმედს ვიტოვებ, რომ ხვალიდან ავტობუსების მუშაობა აღდგება, ჩვენ გავაგრძელებთ თითოეულ საკითხზე მუშაობას, ძირითადად, ტექნიკური პრობლემები გადაწყვეტადია. რაც შეეხება ხელფასების გაზრდას, ჩვენ, სატრანსპორტო კომპანია, პირადად მე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, ყველას ინტერესში შედის და ერთიანი პოზიციაა, რომ ჩვენ გვინდა მუდმივად ხელფასების ზრდა და ამის ნათელი მაგალითი იყო ის, რომ 2012 წელს 20%–ით მოხდა ხელფასების ზრდა”, – განაცხადა უგულავამ ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის პირდაპირ ეთერში. მერის განცხადებით, მძღოლების პრობლემებზე მუშაობა გაგრძელდება, მაგრამ პარალელურად უნდა მოიხსნას ის დისკომფორტი, რაც თბილისელებს დღეს შეექმნათ.

 

შეგახსენებთ, რომ ავტობუსის 1350 მძღოლი დღეს დილიდან გაიფიცა, მათ 16– პუნქტიანი მოთხოვნების სია ჩამოაყალიბეს. მძღოლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების გაორმაგებას, მძღოლების რეზერვის შექმნას, საწვავის გადახარჯვის პრობლემის მოგვარებას, ბოლო გაჩერებებისა და ავტობუსების მოწესრიგებას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი