ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, დაკავებული დეკანოზის წერილები ქონებრივ საკითხებზე, საპატრიარქოში არსებობს

14 თებერვალი, 2017 • 3322
ადვოკატის თქმით, დაკავებული დეკანოზის წერილები ქონებრივ საკითხებზე, საპატრიარქოში არსებობს

მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულის დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველის გიორგი ფანცულაიას განცხადებით “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებული წერილის ავთენტურობას დეკანოზი ვერ ადასტურებს, თუმცა, ამბობს, რომ მსგავსი შინაარსის წერილებით სინოდისთვის არაერთხელ მიუმართავს.

“მამა გიორგის პასუხი შემდეგია, უშუალოდ ამ წერილის ავთენტურობას ვერ დაადასტურებს, ვინაიდან თავად არ გაცნობია ამ წერილს. მაგრამ ის ადასტურებს, რომ მსგავსი შინაარსის წერილით არაერთხელ 2015 წლის დეკემბრიდან აქვს წმინდა სინოდისათვის მიმართული და სამწუხაროდ, გარკვეული მხარეების მიერ იბლოკებოდა. ამასთან დაკავშირებით ისიც დაამატა, რომ ერთ-ერთო ბოლო წერილი იყო ის, რომ ან რეალურად გამოძიებულიყო ეს სააქმები, ან გადაეყენებინათ იგი თანამდებობიდან,” – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

გიორგი ფანცულაია და ეკა ლომიძე, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

გიორგი ფანცულაია და ეკა ლომიძე, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

რუსთავი 2-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოიპოვა წერილი, რომელიც სავარაუდოდ, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ილია მეორეს გაუგზავნა. ტელეკომპანიის ცნობით, წერილის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, “თუმცა დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამჟამად დაკავებულმა  გიორგი მამალაძემ შესაძლოა პატრიარქს იმ პრობლემების შესახებ მისწერა, რომლებიც საპატრიარქოს შიგნით და მის გარეთ ვითარდებოდა”.


პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, “გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ.მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება – ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა”.

ამავდროულად, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და  თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

“გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – იუწყება პროკურატურა.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რუსთავის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მამალაძის თქმით, მის მიმართ წარდგენილ ბრალში სასულიერო პირზე საერთოდ არაა საუბარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი