“ახალი საქართველოს” ინიციატივა პროკურატურისთვის საგამოძიებო ფუნქციის ჩამორთმევის შესახებ

დღეს, 14 თებერვალს “სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს”ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის პრეზენტაცია გამართა, რომელიც მისი აზრით, კონსტიტუციაში აუცილებლად უნდა აისახოს.

პრეზენტაციაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა პრეზიდენტისა და მთავრობის კომპეტენციების კონსტიტუციით განსაზღვრა, სასამართლო რეფორმა და უცხოელი მოსამართლეების მოწვევა, პროკურატურის გარდაქმნა დამოუკიდებელ საკონსტიტუციო ორგანოდ, ახალი რეგულაციების შემოღება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხში და სხვა.

“სააპელაციო დონეზე შემოვიყვანოთ უცხოელი, მაღალ ავტორიტეტული მოსამართლეები, რომლებსაც მთელი მსოფლიო ენდობა. ამ მოსამართლეების საშუალებით მივიღოთ გადაწყვეტილებები ისეთ მნიშვნელოვან საქმეებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები და თავისუფლებები; სიტყვისა და გამოხატვის უფლება; ადამიანის პიროვნული უფლებები, რომლებიც კონსტიტუციის მეორე თავით არის გარანტირებული; პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკოსებთან დაკავშირებული საქმეები; დავებზე ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ და აღნიშნა, რომ ამ მოდელს პრეცედენტი მსოფლიოში არ აქვს.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, პროკურატურა ცალკე, დამოუკიდებელ  უწყებად უნდა ჩამოყალიბდეს:

“პროკურატურა არ უნდა იყოს არც აღმასრულებელი, არც სასამართლო და არც საკანონმდებლო ხელისუფლების ვერტიკალის ქვეშ. ის უნდა იყოს დამოუკიდებელი საკონსტიტუციო უწყება, რომელსაც გამოძიების უფლება არ ექნება, ანუ მოხდება პროკურატურიდან ძალაუფლების დეკოცენტრაცია. ასე ჩვენ ფუნდამენტურად შევცვლით ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს და ადამიანი ხვალ არ გვკითხავს, სად არის სამართლიანობა, სად არის კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი მოსამართლე”.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე გამოთქმული კითხვებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, ამ ინიციატივებს დაამუშავებენ და საკონსტიტუციო კომისიას გაუგზავნიან:

“საკონსტიტუციო კომისიას და საზოგადოებას ჩვენ ვთავაზობთ ფუნდამენტურ ცვლილებებს და არა რეფორმობანას თამაშს. საკონსტიტუციო კომისიისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვიყვარს ვიწრო იურიდიულ კაზუისტიკაზე ჩაციკვლა, რაც მათ ახასიათებთ,”- აღნიშნა ვაშაძემ.

საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა 21 იანვარს გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, ასევე, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები შედიან.  საკონსიტუციო კომისიამ უნდა მოამზადოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებსაც განხილვების შემდეგ, საბოლოოდ, პარლამენტი საკონსტიტუციო უმრავლესობით დაამტკიცებს.

ამავე თემაზე – როგორ შეიძლება შეიცვალოს სასამართლო არჩევნების შემდეგ- პარტიების დაპირებები.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.