ახალი ამბებისამართალი

როგორ შეიძლება შეიცვალოს სასამართლო არჩევნების შემდეგ- პარტიების დაპირებები

7 ოქტომბერი, 2016 • 2556
როგორ შეიძლება შეიცვალოს სასამართლო არჩევნების შემდეგ- პარტიების დაპირებები

სასამართლო ხელისუფლების რეფორმა რჩება იმ პრობლემად, რომელიც დღემდე ვერ გადაჭრა ვერც წინა და ვერც მოქმედმა ხელისუფლებამ იმის მიუხედავად, რომ სწორედ ამ სისტემის რეფორმირებით დაიწყო ორივემ საქმიანობა თავის დროზე. რა შეიძლება შეიცვალოს სასამართლოში არჩევნების შემდეგ – რა გეგმები აქვთ ამ მხრივ პოლიტიკურ პარტიებს?

 

როგორ დაინიშნებიან მოსამართლეები?

ეს ის საკითხია, რომელიც დიდ ვნებათაღელვას იწვევს, ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომლებიც ნიშნავენ მოსამართლეებს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, არ აქვთ ვალდებულება დაასაბუთონ, რატომ დაუჭირეს ან არ დაუჭირეს მხარი ამა თუ იმ კანდიდატს. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მოსამართლეთა დანიშვნა ხშირად საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. არასამთავრობოთა კოალიცია მოითხოვდა, რომ საბჭოს საერთოდ შეეწყვიტა მოსამართლეთა გამწესება, ვიდრე არ დადგინდებოდა დანიშვნის გამჭვირვალე წესი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის დღე. ხანმოკლე შესვენებაზე საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ესაუბრება საბჭოს წევრებს, ლევან თევზაძეს და მერაბ გაბინაშვილს. 2016 წლის 14 ივლისი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭვარიანი

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის დღე. ხანმოკლე შესვენებაზე საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ესაუბრება საბჭოს წევრებს, ლევან თევზაძეს და მერაბ გაბინაშვილს. 2016 წლის 14 ივლისი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭვარიანი

ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაში წერია, რომ მესამე ტალღის განხორციელების შედეგად დაიხვეწება მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესი და დისციპლინური წარმოების პროცედურები, თუმცა აქ არ არის კონკრეტულად გაწერილი, რა შინაარსის იქნება ეს ცვლილებები. კონკრეტული პასუხები ვერც პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის, მამუკა მდინარაძისგან მივიღეთ.

“ჩვენ მზაობა რისთვისაც გვაქვს, ეს კონკრეტულად ჩაიწერა ჩვენს პროგრამაში… კონკრეტული შეფასების კრიტერიუმი ყოველთვის დავას იწვევს. აქედან გამომდინარე, რას ჩავწერთ და რას არ ჩავწერთ, ეს მომავლის საქმეა. წინასწარ ამის ლაპარაკი არაფრით არ შეიძლება, მით უმეტეს, ერთი პოლიტიკოსის მხრიდან. როდესაც არის პრინციპებზე საუბარი, ეს ჩვენს პროგრამაში გაწერილია,”- განგვიცხადა მან.

EMC-ის ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამების დირექტორი, სოფო ვერძეული მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” პროგრამას ამ კუთხით ყველაზე მეტად კრიტიკა და ნათელი ხედვა აკლია. მისივე თქმით, “ქართული ოცნების” მიერ სამომავლო რეფორმების მესამე ტალღასთან დაკავშირება აჩენს განცდას, რომ პარტია სრულყოფილად არ ხედავს მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნასთან დაკავშირებულ სისტემურ ხარვეზებს.

სასამართლო სისტემის ოთხწლიანი რეფორმის ქრონიკა:

ნაციონალური მოძრაობა გეგმავს, როგორც დროებითი ღონისძიება, მაღალ ინსტანციებში (უზენაეს და სააპელაციო სასამართლოებში) უცხოელი მოსამართლეები მოიწვიოს. პარტიის წევრი, ოთარ კახიძე ვარაუდობს, რომ უცხოელი მოსამართლეები საქართველოში მინიმუმ 3-5 წლის განმავლობაში უნდა დარჩნენ, შემდეგ კი ეტაპობრივად ჩაანაცვლებენ ადგილობრივი მოსამართლეები.

დღეს საქართველოს უზენაეს და ორივე სააპელაციო სასამართლოში 70-ზე მეტი მოსამართლეა. ნაციონალურ მოძრაობას, თუკი ამ იდეის განხორციელება სურს, დაახლოებით ამდენივე უცხოელი მოსამართლის მოწვევა დასჭირდება.

პარტიის წევრმა, ოთარ კახიძემ ნეტგაზეთთან საუბრისას განმარტა, რომ ბრიტანელ, ამერიკელ და ევროპის სხვა ქვეყნების მოსამართლეებს, რომელთაც ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილება ექნებათ, საქართველოში სამუშაოდ კონკურსის წესით შეარჩევენ. კახიძის განმარტებით, ამ მოსამართლეებს უმწიკვლო რეპუტაცია უნდა ჰქონდეთ. მოწვეულ მოსამართლეებს საქართველოში ასისტენტებად მათ მიერვე შერჩეული ადგილობრივი იურისტები ეყოლებათ, რომლებიც მათ ქართულიდან უთარგმნიან და ამ მოსამართლეების გვერდით გაივლიან სამოსამართლო პრაქტიკას. როგორც ოთარ კახიძემ განაცხადა, მოსამართლეეებს მაღალი ანაზღაურება უნდა შესთავაზონ.

“ზემდგომი ინსტანციების სასამართლოები დაადგენენ უკვე სტანდარტებს ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოებისთვის,”- განაცხადა მან.

სოფო ვერძეულმა ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის იდეა მაღალი ინსტანციის სასამართლოში უცხოელი მოსამართლეების მოწვევის შესახებ მოქმედ სამართლებრივ სისტემაში წარმოუდგენლად ეჩვენება. მისივე თქმით, არასწორია, როდესაც სასამართლოში პრობლემები მოსამართლის წარმომავლობასთან არის გაიგივებული.

მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. 2016 წლის 14 ივლისი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. 2016 წლის 14 ივლისი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მოსამართლეთა არჩევის სრულიად განსხვავებული ხედვა აქვს შემოთავაზებული ეროვნულ ფორუმს – მოსამართლეებს დანიშნავს არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, არამედ  მაჟორიტარული პრინციპით აირჩევენ მოქალაქეები.

ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი და მეორე ინსტანციის 300-მდე მოსამართლეს მოქალაქეები თავიანთი ოლქების მიხედვით აირჩევენ. ის მოსამართლე, რომელიც ოლქში ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებს, კონკრეტულ სასამართლოში უვადოდ გამწესდება თანამდებობაზე. ეროვნული ფორუმი ამბობს, რომ ასე არჩეული მოსამართლეები ბევრად უფრო მაღალი ნდობით ისარგებლებენ საზოგადოების მხრიდან. მათივე ინიციატივით, სასურველია, მოსამართლეთა არჩევნები დაემთხვეს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებს.

სოფო ვერძეულის შეფასებით, ასეთ სისტემას ბევრი ხარვეზი ექნება, რადგანაც მივიღებთ “უმრავლესობის სასამართლოს”:

“არ გვჭირდება უმრავლესობის მიერ არჩეული სასამართლო, რომელიც პოპულისტურ იდეებს ატარებს”- განაცხადა ვერძეულმა ნეტგაზეთთან საუბარში.

რესპუბლიკელების პროგრამის თანახმად, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ გასამწესებლად დაწესდება ნამსახურობის ცენზი: პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლისათვის – სპეციალობით მუშაობის, სულ ცოტა, 5-წლიანი გამოცდილება, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისათვის – პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლედ მუშაობის, სულ ცოტა, 5-წლიანი გამოცდილება.

რესპუბლიკელები ასევე გეგმავენ, რომ საბჭოს გამოეყოს და დამოუკიდებელი გახდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლა, რომელიც ჩაატარებს მისაღებ კონკურსს და განსაზღვრავს მსმენელთა ვინაობას. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ასევე ჩამოშორდება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების ფუნქცია.

რესპუბლიკელების ინიციატივას სკოლის როლის გაზრდის შესახებ EMC დადებითად აფასებს. ვერძეულის თქმით, აუცილებელია  მსმენელთა შერჩევის პროცესი გახდეს უფრო გამჭვირვალე, შეფასების წესი, კრიტერიუმები  და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა კი იყოს ცხადად რეგლამენტირებული.

"ადვოკატთა ასოციაციის" ორგანიზებული აქცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინ. ასოციაცია მოითხოვდა, საბჭოს შეეწყვტა მოსამართლეთა დანიშვნები. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

“ადვოკატთა ასოციაციის” ორგანიზებული აქცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინ. ასოციაცია მოითხოვდა, საბჭოს შეეწყვიტა მოსამართლეთა დანიშვნები. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

თავისუფალი დემოკრატების წინასაარჩევნო პროგრამაში წერია, რომ  მოსამართლის დანიშვნის  წესი  უნდა  გახდეს  მაქსიმალურად  გამჭვირვალე  და  ეყრდნობოდეს განჭვრეტად, ეფექტურ და ობიექტურ კრიტერიუმებს. ასევე, უნდა იყოს უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეტი დამოუკიდებლობა სახელისუფლებო ძალების გავლენისგან.

EMC-ის შეფასებით, “თავისუფალი დემოკრატები” ვერ გვთავაზობენ ფართო ხედვასა და მოცულობით აქტივობებს, რომლებიც შერჩევა-დანიშვნის ერთიანი სისტემის თითოეულ ეტაპზე სამართლიანობისა და ობიექტურობის პრინციპების დაცვას უზრუნველყოფს.

საარჩევნო ბლოკს “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის” ერთობლივი საარჩევნო პროგრამა ჯერ გამოქვეყნებული არ აქვს. ნეტგაზეთი მათი საარჩევნო პროგრამის დეტალების გასაგებად ესაუბრა პროპორციული სიის ათეულის წევრს, იურისტ დავით ჯანდიერს. მისი განცხადებით, მოსამართლეების დასანიშნად კენჭისყრა ფარული აღარ უნდა იყოს და  კანდიდატს, რომელსაც საბჭო დანიშვნაზე უარს ეტყვის, შეეძლება ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში გაასაჩივროს.

რაც შეეხება მოსამართლეთა დაწინაურებას, ჯანდიერის თქმით, ერთ თანამდებობაზე დასაწინაურებელი რამდენიმე მოსამართლის არსებობის შემთხვევაში, დაწინაურდება ის მოსამართლე, რომელსაც შიდა კონკურსში ყველაზე მაღალი შეფასება ექნება მიღებული.

ბლოკი ასევე გეგმავს, იუსტიციიის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა, რომელიც უკვე რეფორმირდა მართლმსაჯულების პირველი ტალღის შედეგად, კიდევ ერთხელ შეცვალოს. კერძოდ: 15-ის ნაცვლად იქნება 21 წევრი, საბჭოში წევრების დანიშვნის უფლება მიეცემათ ადვოკატთა ასოციაციას და სახალხო დამცველს.

“ჩემთვის ძალიან საყურადღებო და, პრინციპში, გასახარი იყო ის, რომ ვნახე, რომ ისინი მოსამართლეების დანიშვნის ნაწილში მხარს დაუჭერდნენ, მაგალითად, ისეთ მნიშვნელოვან ინიციატივას, როგორიც არის გასაჩივრების მექანიზმის შემოტანა, რაც დღეს არ არის რეგულირებული და სერიოზულ პრობლემას ქმნის,”- ამბობს სოფო ვერძეული.

რაც შეეხება პოზიციას იუსტიის უმაღლესი საბჭოს დაშლასთან დაკავშირებით, ამას ვერძეული არ ეთანხმება:

“ეს საკითხი, მე ვფიქრობ, რომ ამ ფორმით დღის წესრიგში დაყენებას არ საჭიროებს, ვინაიდან, ასეთი გამოწვევა, რომ დაკომპლექტების წესის ცვლილება გადაჭრის რაიმე სხვა პრობლემას, არ დგას. მე ნამდვილად არ ვიცი, რა არგუმენტები დგას ამ შემოთავაზების მიღმა. ჩვენ გვაქვს საბჭოს დაკომპლექტების ერთ-ერთი ყველაზე კარგი წესი, რომელშიც სხვადასხვა აქტორების მონაწილობა არის გათვალისწინებული. საკმაოდ ჩართულობითი და ღია პროცესია, თუმცა ის, რომ საბჭო დღეს ეფექტური შეიძლება ვერ არის ისე, როგორც ჩვენ გვინდა, რომ ვნახოთ, ის, რომ მისი გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელი და თვითნებური შეიძლება იყოს, ეს სხვა პრობლემებს ებმის და არა დაკომპლექტების წესს,” – განაცხადა მან.

მოსმამართლეთა კანდიდატების კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ნინო გვენეტაძე საბჭოს წევრბს აცნობს ინფორმაციას, რამდენი ხმა მიიღო ერთ-ერთ ვაკანსიაზე დანიშვვნის მსურველმა კანდიდატებმა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მოსამართლეთა კანდიდატების კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ნინო გვენეტაძე საბჭოს წევრებს აცნობს ინფორმაციას, რამდენი ხმა მიიღო ერთ-ერთ ვაკანსიაზე დანიშვნის მსურველმა კანდიდატებმა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

საარჩევნო ბლოკის “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიცია” წარმომადგენელი გიგი მაღლაკელიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ აუცილებელია ფუნდამენტურად შეიცვალოს სისტემა და “სასამართლო უნდა გათავისუფლდეს, პირველ რიგში, იმ კორუმპირებული მოსამართლეებისგან, რომლებიც 10-წლიან რეჟიმს ხელს უწყობდნენ”.

მსგავსი ხედვა აქვს “ნინო ბურჯანაძე – გაერთიანებულ ოპოზიციას”. მათ პროგრამაში წერია, რომ პოლიტიკური რეჟიმის აღმასრულებელი მოსამართლეები თანამდებობას უნდა ჩამოაცილონ.

სოფო ვერძეულის თქმით, მსგავსი რადიკალური ნაბიჯები და პოლიტიკური ინტერვენცია სასამართლო სისტემაში მაღალ რისკებს უკავშირდება:

“წლების წინ ვნახეთ, რა შედეგები მოიტანა იმან, რომ ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა გუნდმა მოახდინა ზედმეტი და სრულიად არასწორი პოლიტიკური ჩარევა სასამართლო სისტემაში, როდესაც ხდებოდა დისციპლინური ან სხვა გზებით მოსამართლეების გაშვება სასამართლო სისტემიდან. მე ვფიქრობ, დიდწილად, სწორედ ასეთმა არასწორმა პოლიტიკურმა ინტერვენციამ მიგვიყვანა იქამდე, რომ სასამართლო სისტემამ დაკარგა ის სახე, რომელიც მას უნდა ჰქონდეს”, – აცხადებს ვერძეული.

 

ისევ სამწლიანი გამოსაცდელი ვადა მოსამართლეებისთვის?

 

დღეს საერთო სასამართლოებში მოსამართლეები 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით ინიშნებიან იმის მიუხედავად, იყვნენ თუ არა დანიშნული უკვე მოსამართლედ 10 წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ საპრობაციო ვადით დანიშვნას როგორც მოსამართლეთა კორპუსი, ასევე, ვენეციის კომისია და არასამთავრობოთა ნაწილი ეწინააღმდეგებოდა, მესამე ტალღის რეფორმაში ეს საკითხი მთავრობამ კვლავ დააბრუნა.

ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაში გამოსაცდელი ვადის საკითხი საერთოდ არ არის შეტანილი. მამუკა მდინარაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ არგუმენტები არის როგორც საპრობაციო ვადით, ასევე უვადოდ დანიშვნის სასარგებლოდ.

“რადგან უამრავი კითხვა ჩნდება მოსამართლეთა ნაწილის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით, ნაწილის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ალბათ უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რომ სჯობდა ეს 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა იმისათვის, რომ ჩვენ უფრო მართლები ვიყოთ სასამართლოს მომხმარებლების წინაშე,”- განაცხადა მდინარაძემ.

“ქართული ოცნების” პროგრამა საერთოდ სიტყვა გამოსაცდელ ვადასაც არ ახსენებს და არც რაიმე ხედვას აჩვენებს, უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ თუ არა რაიმე გადასინჯვას ამ საკითხის, მიუხედავად ძალიან სერიოზული კრიტიკისა, რომელიც საპრობაციო ვადას შეხვდა”, – აცხადებს EMC-ის წარმომადგენელი სოფო ვერძეული.

არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანიის "სამართალი ითხოვს" ერთ-ერთი რეკვიზიტი. ფოტო: კამპანია "სამართალი ითხოვს"

არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანიის “სამართალი ითხოვს” ერთ-ერთი რეკვიზიტი. ფოტო: კამპანია “სამართალი ითხოვს”

თავისუფალი დემოკრატები აცხდებენ, რომ მოსამართლეები უნდა დაინიშნონ უვადოდ, სამწლიანი საპრობაციო ვადა კი უნდა ჩაანაცვლოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 1 წლის ნაცვლად მინიმუმ 3 წლის განმავლობაში თეორიული და პრაქტიკული სწავლების ინტენსიურმა კურსმა.

“თავისუფალი დემოკრატების პროგრამაში აქცენტირებულია იუსტიციის უმაღლესი სკოლის როლი და მისი გაუმჯობესების ხარჯზე უნდა მოხდეს საპრობაციო ვადის შემცირება, რაც შესაძლოა საინტერესო იდეა იყოს. ჩვენი პოზიცია ცნობილია, ჩვენ სამწლიან საპრობაციო ვადას არ ვუჭერთ მხარს, ამიტომ საინტერესო იქნებოდა  იმ იდეების ნახვა, რაც პარტიებს გააჩნიათ ამ მოდელის შესაცვლელად,”- აცხადებს სოფო ვერძეული.

ნაციონალური მოძრაობა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის მომხრეა. ასევეა ბლოკი “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის”, ოღონდ, ბლოკის პროგრამით, უვადოდ დანიშვნებს წინ უნდა უსწრებდეს იუსტიციის უმაღლესი საჭოს რეფორმა და მისი შემადგენლობის ცვლილება. უვადოდ დანიშვნის მომხრეა ეროვნული ფორუმიც, თუმცა, მათი პროგრამის თანახმად, მოსამართლეს ნიშნავს არა საბჭო, არამედ მოქალაქეები ირჩევენ მაჟორიტარული წესით.

პატრიოტთა ალიანსი” არც გამოსაცდელი ვადის მომხრეა და არც უვადოდ დანიშვნის. ამის შესახებ ნეტგაზეთს ბლოკის მაჟორიტატობის კანდიდატმა მამუკა ტუსკაძემ განუცხადა. მისივე თქმით, მოსამართლეთა 10 წლით დანიშვნა ოპტიმალური გამოსავალია.

ბლოკი “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა” ასევე არ ემხრობა როგორც სამწლიან გამოსაცდელ ვადას, ასევე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას. ამის შესახებ ბლოკის მჟორიტარობის კანდიდატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განგვიცხადა.

“10-წლიანი დანიშვნები არის, ჩემი აზრით, სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ მოსამართლემ თავისი უფლებამოსილება მაღალკვალიფიციურ დონეზე განახორციელოს, თუკი მისი შერჩევის პროცესი იქნება გამჭვირვალე,”- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

სოფო ვერძეული ამ საკითხთან დაკავშირებით ამბობს, რომ რადგანაც საქართველოს კონსტიტუციაში მოსამართლეთა უვადო დანიშვნას ითვალისწინებს, სხვადასხვა სისტემასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა  უკვე დაგვიანებულია.

რესპუბლიკური პარტიის პოზიციით, საქართველოს პირობებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება ნაადრევია.

“იმ პირობებში, როდესაც აუცილებლად უნდა შემოვიღოთ უვადო დანიშვნა, აუცილებლად მიგვაჩნია, მოხდეს მოსამართლის საქმიანობის შეფასება და ამის საფუძველზე მოხდეს მისი უვადო გამწესების თაობაზე. თქვენ დაუჭერდით მხარს მოსამართლის უვადო გამწესებას, რომელიც არ იცით, როგორი მოსამართლეა?”- განუცხადა ნეტგაზეთს პარტიის წევრმა ვახტანგ ხმალაძემ.

სოფო ვერძეულის პოზიციით კი, პირიქით, სწორედ სამწლიან საპრობაციო ვადას აქვს რისკები.  იგი ამბობს, რომგამოსაცდელი პერიოდის სანაცვლოდ უნდა გაიმართოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის სისტემა, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა,  უნდა იყოს მსმენელების მომზადების ადეკვატური პროგრამა და, ჯამში, ეს შექმნის იმის საფუძველს, რომ აღარ იქნება საჭირო პრობაციონერი მოსამართლეების არსებობა. 

 

ვინც წლებია, თვალს ადევნებს სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს, ძალიან კარგად დაინახავდა, სასამართლო სისტემისთვის რა უარყოფითი შედეგები მოიტანა სამწლიანი პრობაციის შემოღებამ, რამდენად არაჯანსაღი გახადა მდგომარეობა სასამართლოში და რამდენად მოწყვლადი გახადნენ მოსამართლეები საბჭოს მიმართ და ზოგადად, პროცესების მიმართ. ერთ-ერთი დამსახურება არის სწორედ პრობაციის ამ ფორმით შემოტანა,- ამბობს სოფო ვერძეული.

 

 

როგორ უნდა განხორციელდეს მოსამართლეების დისციპლინური დევნა

კამპანია “სამართალი ითხოვს”  კრიტიკულად განწყობილი მოსამართლეების მიმართ დისციპლინური დევნის შეწყვეტას და არსებული წესის ცვლილებას მოითხოვდა.

დისციპლინური დევნის გახმაურებული შემთხვევა იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ განვითარებული მოვლენები. ახვლედიანის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაიწყო მას შემდეგ, რაც მან მკაცრად გააკრიტიკა საბჭოს საქმიანობა.

ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაში წერია, რომ დაიხვეწება დისციპლინური წარმოების პროცედურები, თუმცა პროგრამიდან ვერ ვიგებთ, კონკრეტულად რა მიმართულებით დაიხვეწება. მამუკა მდინარაძემ ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნა, რომ საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს გაწერილი გარკვეული შემთხვევები, როდესაც მხოლოდ საბჭოს გადასაწყვეტი არ იქნება, როგორი იქნება კონკრეტულ შემთხვევაზე რეაგირება მოსამართლის მიმართ.

რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, დისციპლინური დევნის დასაწყებად საჭირო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ⅔ -იანი კვორუმი უმჯობესია შემცირდეს და გახდეს ნახევარზე მეტი.

“რამდენადაც ვიცი,  4 წლის განმალობაში არც ერთი მოსამართლის მიმართ არ დამდგარა დისციპლინური პასუხისმგებლობს აღძვრის საკითხი. არარეალური ჩანს ვითარება, რომ არც ერთ მოსამართლეს 4 წლის განმავლობაში დისციპლინური გადაცდომა არ ჰქონოდეს… აუცილებელია კვორუმის დაწევა იმისათვის, რომ ამოქმედდეს რეალურად ეს არსებული წესი,”- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

სოფო ვერძეული ამბობს, რომ ქვორუმის შემცირებას მხარს არ უჭერენ, ვინაიდან მაღალი კვორუმი შესაძლოა იყოს ბალანსის დაცვის გარანტი, როდესაც საქმე ეხება ისეთ სენსიტიურ საკითხს, როგორიც მოსამართლის წინააღმდეგ დევნის დაწყებაა.

უნდა იყოს პრეზუმფცია, რომ საქმე ამოწურულია, საკმარისი ხმები არ მოგროვდა და, შესაბამისად, დაიხურა საქმეზე დისციპლინური სამართალწარმოება. დღეს ეს არ არის ასე კანონმდებლობის მიხედვით და ბევრი საქმე ე.წ. “ჩამოკიდებული საქმეებია” იმიტომ, რომ ვერც შეწყვეტაზე მიიღო ⅔, ვერც გაგრძელებაზე და შეიძლება მოსამართლე მუდმივად იყოს ხანდაზმულობის ვადით ამ განცდებში, როდის დაუბრუნდება საბჭო მის საქმეს. მე ვფიქრობ, ეს არის მთავარი პრობლემა,- ამბობს ვერძეული.

ნინო გვენეტაძე და ლავენ მურუსიძე საუბრობენ. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 2016 წლის 14 ივლისი

ნინო გვენეტაძე და ლავენ მურუსიძე საუბრობენ. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 2016 წლის 14 ივლისი

პატრიოტთა ალიანსის” ინიციატივით, სადისციპლინო კომისია საერთოდ უნდა გავიდეს სასამართლო სისტემის შემადგენლობიდან და დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბდეს.

“არ შეიძლება, ერთი და იგივე რგოლში, ერთი და იგივე ოჯახში იყოს როგორც დამსჯელი, ისევე დასასჯელი,”-ამბობს მამუკა ტუსკაძე, პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარობის კანდიდატი. „

ბლოკის “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა” წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მოსამართლის მიმათ დისციპლინური წარმოება გამჭვირვალე უნდა გახდეს და საზოგადოება საქმის კურსში უნდა იყოს, თუ როგორ მიმდინარეობს საქმე.

თავისუფალი დემოკრატების წევრი, ლევან სამუშია დისციპლინური დევნის საკითხებთან დაკავშირებით გვპასუხობს, რომ ჯერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზება არის საჭირო, რომ ის ნეიტრალურ ორგანოდ იქცეს. მისივე თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მსჯელობა დისციპლინური წარმოების საკითხებზე.

ნაციონალური მოძრაობა დისციპლინური წარმოების არსებულ წესში პრობლემას ვერ ხედავს. ისინი პრობლემას დევნის განმახორციელებელ უწყებაში – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ხედავს.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სადისციპლინო კოლეგია უნდა იყოს დამოუკიდებელი და მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანებით დაკომპლექტებული. ამიტომ ჩვენ უცხოელი მოსამართლეების როლს იუსტიციის საბჭოშიც გავზრდით,”- ამბობს ოთარ კახიძე.

ეროვნული ფორუმის პროგრამა მაჟორიტარული წესით უვადოდ არჩეული მოსამართლეების დისციპლინურ დევნასაც ითვალისწინებს. კერძოდ, თუკი დადგება მოსამართლის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, მას ექნება უფლება, მოითხოვოს კენჭისყრა ნდობის გამოსაცხადებლად იმ ოლქში, საიდანაც ის იყო არჩეული. ამომრჩევლის მხარდაჭერის შემთხვევაში, იგი თანამდებობაზე დაბრუნდება.

მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურები გაწერილი აქვს ბლოკს “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის”. კერძოდ, იმ კანონპროექტის თანახმად, რომელიც დავით ჯანდიერმა გაგვაცნო, ახლებურად დაკომპლექტდება სადისციპლინო კოლეგია; საჯარო იქნება დისციპლინური საქმის წარმოება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსამართლე თავად მოითხოვს დახურვას; დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებას განახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინსპექტორის სამსახური (პარლამენტი აირჩევს მთავარ ინსპექტორს, რომელიც, თავის მხრივ, საჯარო კონკურსით შეარჩევს 7 ინსპექტორს); მოსამართლეს მიეცემა უფლება, ჰყავდეს დამცველი; შემოვა მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის ახალი ზომა – უფლებამოსილების შეჩერება.

ვერძეულის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს პარტია მხარს უჭერს დისციპლინური წარმოების საჯაროობას.

“საყურადღებო და მისასალმებელია, რომ ისინი მხარს უჭერენ ზოგადად დისციპლინური წარმოების გამჭვირვალობას, თუმცა ეს საკითხი, გარკვეულწილად, მესამე ტალღით რეგულირებულია,”- აღნიშნა მან.

EMC-ის შეფასებით, დისციპლინური დევნის კუთხით მომავალმა პარლამენტმა უნდა გააკეთოს უფრო მეტი, ვიდრე მესამე ტალღით არის გაწერილი. სოფო ვერძეულმა ნეტგაზეთთან ისაუბრა იმ ორ მთავარ გამოწვევაზე, რომელიც დღეს მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოების პროცესს აქვს.

“მთავარი პრობლემა რაც არის, ეს არის კონფიდენციალურობა, რაც ძალიან ნოყიერ ნიადაგს შეიძლება ქმნიდეს ამ ბერკეტის უსამართლო და არამიზნობრივი გამოყენებისთვის, როდესაც ეს პროცესი არანაირ საჯარო კონტროლს არ ექვემდებარება. ბევრ მოსამართლეზე შეიძლება შედიოდეს საჩვარი, მაგრამ რომელ საჩივარს როგორ უდგება საბჭო, რომლის შესწავლას იწყებს პრიორიტეტულად, ვის სთხოვს ახსნა-განმარტებას, ვის აძლევს პასუხისგებაში, ეს რომ საჯარო კონტროლს არ ექვემდებარება, ძალიან სერიოზული პრობლემაა,- ამბობს EMC-ის იურისტი.

 

მეორე პრობლემა, მისივე თქმით, არის საფუძვლები, თუ რის გამო შეიძლება დადგეს მოსამართლის დისცილინური პასუხისმგებლობის საკითხი. როგორც ვერძეული ამბობს, დღეს კანონი ამ მიმართულებით ხარვეზიანია და ზოგიერთი გადაცდომა, რაზეც კანონშია საუბარი, მოძველებულია.

კანონში არ არის არანაირი განმარტება, თუ რას გულისხმობს, მაგალითად, უფლებამოსილების არაჯეროვანი შესრულება. და ეს იმის საფუძველს ქმნის, ძალიან ფართოდ განმარტოს სადისციპლინო ორგანომ ესა თუ ის ქმედება,  – ამბობს სოფო ვერძეული.

მასალების გადაბეჭდვის წესი