ახალი ამბები

თავდაცვის კომიტეტმა ჯარში “დედაკაცების სავალდებულო გაწვევაზე” წინადადება დაიწუნა

13 თებერვალი, 2017 • 2244
თავდაცვის კომიტეტმა ჯარში “დედაკაცების სავალდებულო გაწვევაზე” წინადადება დაიწუნა

დღეს, 13 თებერვალს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ჯარში “დედაკაცების სავალდებულო გაწვევის შესახებ” მომზადებული საკანონმდებლო წინადადება უარყოფითად სცნო.

კომიტეტის დასკვნის თანახმად, დღეისათვის საქართველოს თავდაცვის პოლიტიკიდან და შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის საჭიროებებიდან გამომდინარე, ქალთა სავალდებულო გაწვევის აუცილებლობა არ არსებობს და არც შესაბამის სამობილიზაციო და თავდაცვის გეგმებშია გათვალისწინებული.

“ეს წინადადება ეწინააღმდეგება ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკის მოთხოვნებს. გარდა ამისა, კანონის შესაბამისად, ქალებს ნებაყოფლობით უფლება აქვთ გაიარონ სამხესრო სავალდებულო სამსახური,”-აღნიშნულია დასკვნაში.

მოქალაქე ირინე ბარბაქაძემ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით 2017 წლის 6 თებერვალს მიმართა და ითხოვდა, რომ “სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლა დედაკაცისთვისაც” სავალდებულო გამხდარიყო.

არლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად,  სახელმწიფო [ქალებს] ხელს უწყობს, საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრონ თავიანთი ცხოვრების წესი; შესაძლებლობას აძლევს, კონკრეტულ დროს მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები ისე, რომ მეორე მხარე არ დაზარალდეს:

“თუმცა დედაკაცები მაინც სუსტ არსებებად რჩებიან. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურში იგზავნებიან მხოლოდ მამაკაცები.”

პროექტის თანახმად, მისი მიღების მიზანია საქართველოს ჯარის გაძლიერება, ჯარის ბრძოლისუნარიანობის მომატება, საქართველოს ტერიტორიების დაბრუნება და ქვეყნის გამთლიანება.

მასალების გადაბეჭდვის წესი