რა ნივთიერებაა ნატრიუმის ციანიდი

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 10 თებერვალს დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს, რომელსაც ჩხრეკისას მომწამვლელი ნივთიერება, ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩნდა. პროკურატურის ბრალდების მიხედვით, აღნიშნული ნივთიერებით დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლას გეგმავდა. “ნეტგაზეთი” დაინტერესდა რა ნივთიერებაა ნატრიუმის ციანიდი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგეს, რამაზ გახოკიძეს ესაუბრა.

გახოკიძის თქმით, ციანიდები ძლიერი საწამლავებია. ისინი ისეთ მრეწველობაში გამოიყენება, როგორიცაა ტყავისა და საფეიქრო წარმოება, ასევე იყენებებ ფოტოგრაფიასა და ოქროს მოპოვბაშიც. თუმცა, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას, ციანიდები მომენტალურ სიკვდილს იწვევს:

“საერთოდ ციანიდები ძალიან ძლიერი საწამლავებია. ეს არის თითონ ციანწყალბადმჟავა და მისი მარილები. კერძოდ, ნატრიუმის ციანიდი, კალიუმის ციანიდი, კალციუმის ციანიდი და ა.შ. ეს არის ძალიან საშიში ტოქსიკური ნივთიერებები. განსაკუთრებით, თუ გაჭრილი გაქვთ ხელი ან ლორწოვანი გარსის საშუალებით თუ მოხვდა ორგანიზმში მომენტალურ სიკვდილს იწვევს” – ამბობს რამაზ გახოკიძე.

მისი თქმით, ორგანიზმში მოხვედრისას ნატრიუმის ციანიდი ასფიქსიას და ამის შედეგად მომენტალურ სიკვდილს იწვევს:

“ეს ციანიდები, ძალიან ძლიერი საწამლავებია. ამ შემთხვეაში ნატრიუმის ციანიდი, იწვევს ფერმენტ ციტოქრომ-ოქსიდაზის ინჰიბირებას. ციტოქრომ-ოქსიდაზა ეს არის ფერმენტი სისხლში, რომელიც შეიცავს რკინას და გადააქვს ჟანგბადი ჩვენს ორგანიზმში.რადგანაც ციანიდი რკინას უერთდება, რკინა უკვე უძლურია ჟანგბადი გადაიტანოს და ხდება სუნთქვის შეჩერება, ასფიქსია და მომენტალური სიკვდილი. ეს უჯრედული სუნთქვის პარალიზებას იწვევს. ძალიან ცოტა რაოდენობაც  სასიკვდილია თუ ასეთი გზით მოხვდა ორგანიზმში” – ამბობს ქიმიკოსი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

რამაზ გახოკიძის თქმით, ნატრიუმის ციანიდი მყარი ნივთიერებაა, რომელიც მარილს ჰგავს და ზედაპირული დათვალიერებისას მისი განსხვავება მარილის ფხვნილისგან შეუძლებელია:

“მყარი ნივთიერებაა, მარილივითაა, ვიზუალურად ვერ განასხვავებ მარილისა და შაქრისგან. წყალში კარგად იხსნება. წყალში რომ იხსნება ორგანიზმში კარგად იწოვება. ეს არაფერ შემოწმებას არ ექვემდებარება. იგივეა თქვენ რომ ჯიბეში ჩაიდოთ შაქარი ან შაქრის შემცვლელი, და გადაკვეთოთ საზღვარი. არანაირ რეაგირებას არ იძლევა [სასაზღვრო შემოწმებისას], ჩვეულებრივი მარილივითაა” – ამბობს ქიმიკოსი.

ნატრიუმის ციანიდი, ფოტო: PrimeMarine.info.ge

ნატრიუმის ციანიდი, ფოტო: PrimeMarine.info.ge

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.