ახალი ამბებისაზოგადოება

შეხვედრა ისრაელის ელჩთან საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებისადმი არასათანადო მოპყრობაზე

10 თებერვალი, 2017 • 18078
შეხვედრა ისრაელის ელჩთან საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებისადმი არასათანადო მოპყრობაზე

10 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი  ისრაელის ელჩს შაბთაი ცურს შეხვდა.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში ისრაელის სახელმწიფოს საზღვარზე საქართველოს მოქალაქეთა დაკავებისა და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ცალკეულ შემთხვევებზე.

“აღინიშნა, რომ აუცილებელია ყველა ასეთი შემთხვევის გამოკვლევა და შემდგომი პრევენცია”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

საგარეო უწყების ცნობით, ისრაელურ მხარეს ასევე ეცნობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ გვერდზე არსებული განახლებული საკონსულო ინფორმაციისა და ქართული მხარის მიერ განხორციელებული ყველა იმ ნაბიჯის შესახებ, რომელიც მომავალში  მოემსახურება სიტუაციის შემსუბუქებას.

“მხარეებმა დააფიქსირეს ორ ქვეყანას შორის აღნიშნული მიმართულებით უკვე არსებული კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელებისა და უახლოეს მომავალში საკონსულო კონსულტაციების მორიგი რაუნდის ჩატარებისათვის მზაობა.

შაბთაი ცურმა გამოხატა ქართულ მხარესთან თანამშრომლობის მზაობა მომავალში ეფექტიანი შედეგის მიღწევის მიზნით. იქვე აღინიშნა, რომ  2017 წლის თებერვლის ბოლოს  ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი იქნება კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული ყველა აქტუალური საკითხის განხილვისა და მომავალში სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით რიგ საკითხებთან დაკავშირებით”, – იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ გამართა პრესკონფერენცია, სადაც ისრაელის მესაზღვრეები დაადანაშაულეს არასათანადო მოპყრობაში.

საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოებს შორის ვიზების გაუქმებასა და დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობაზე შეთანხმებას 2013 წლის ნოემბერშიმოეწერა ხელი, ხოლო 2014 წლის მარტიდან ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლაამოქმედდა. თუმცა 2016 წლის ნოემბერში ისრაელის მედია იუწყებოდა, რომ მათი შსს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის თავშესაფრის თხოვნაზე ავტომატური უარის შემოღებას გეგმავდა. ადგილობრივი მედია ისრაელის შს სამინისტროზე დაყრდნობით წერდა, რომ ასეთი თხოვნების დიდი ნაწილი შესაძლებელია უარყოფილი იყოს ყოველგვარი ზედმიწევნითი შემოწმების გარეშე.

მასალების გადაბეჭდვის წესი