BBC იუწყება, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა თურქეთის სამი ჯარისკაცი მოკლეს ჩრდილოეთ სირიაში, რის გამოც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მწუხარებას გამოთქვამს.
BBC-ის ცნობითვე, ჯარისკაცები სირიელ აჯანყებულებს ეხმარებოდნენ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისაგან ქალაქ ალბაბის გამოხსნისთვის ბრძოლაში. ეს ბრძოლა არის ფართომასშტაბიანი ოპერაცია, რომელსაც თურქეთი ახორციელებს ქურთი და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების წინააღმდეგ.
კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინი ტელეფონით დაუკავშირდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანს და მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო. მათ ისაუბრეს იმის შესახებ, რომ უნდა გააძლიერონ თანამშრომლობა სირიის კრიზისის დასაძლევად.
ინციდენტი თურქეთისა და რუსეთის სამხედრო ძალებს შორის 2015 წლის 24 ნოემბერსაც მოხდა, როდესაც თურქეთის სამხედრო ძალებმა სირიის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. თვითმფრინავს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და მოწოდების მიუხედავად არ დატოვა საზღვარი. როგორც თურქეთი აცხადებს, თვითმფრინავი 10-ჯერ გააფრთხილეს. რუსული მხარე კი საზღვრის დარღვევის ფაქტს უარყოფს. საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელში ნატოს სპეციალური სხდომა გაიმართა.
მედიის ცნობით, ერთ-ერთი პილოტი გადარჩა. ამ შემთხვევის გამო ურთიერთობა თურქეთისა და რუსეთის მთავრობებს შორის დაიძაბა, რუსეთმა თურქეთს სანქციები დაუწესა. მაგრამ მოგვიანებით რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა დასტაბილურდა.