ახალი ამბები

ცილისწამების კრიმინალიზებას ამჯერად ემზარ კვიციანი მოითხოვს

8 თებერვალი, 2017 • 5785
ცილისწამების კრიმინალიზებას ამჯერად ემზარ კვიციანი მოითხოვს

“პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციის წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი ცილისწამების კრიმინალიზებას მოითხოვს. ამის შესახებ მან  დღეს, 8 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“სამწუხაროდ, 2005 წელს ეუთოს რეკომენდაციით გაუქმდა ცილისწამების მუხლი, რაც ქვეყნის მტრებმა და კერძოდ, ტერორისტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა ჩვენი ხალხის საწინააღმდეგოდ. ძალიან დიდი გამოხმაურებაა, საზოგადოება ამ მუხლის აღდგენას ითხოვს. რატომ ვართ აღდგენის წინააღმდეგი, ვერ გავიგე. თითქოს სიტყვის თვისუფლებას ეწინააღმდეგება. რა საერთოა სიტყვის თავისუფლებასა და ცილისწამებას შორის?” – ამბობს ემზარ კვიციანი.

დეპუტატის განცხადებით, მისი შვილები დღესაც არ გამოსულან სტრესიდან:

“ვისაც არ გამოგიცდიათ, რა არის ცილისწამება, ღმერთმა ნუ გამოგაცდევინოთ. ჩემი შვილები დღესაც არ არიან გამოსული სტრესიდან. ბავშვთა უფლებადამცველები ამაზე ხმას არ იღებენ.  როცა ბავშვს მის მშობელზე ცილისწამება ესმის, თან ტელევიზიებით, ტელევიზიები ამაზე 24 საათი მუშაობენ. იქნებ შევაჩეროთ ეს უბედურება, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის პრობლემაა. ”

2016 წლის დეკემბერში საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიამ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომლის მიხედვით, ცილისწამება და შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაული უნდა გახდეს.

2016 წლის 24 თებერვალს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, თედო კობახიძემ  ტელეკომპანია “იბერიასთან” საუბრისას განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში პარლამენტს ცილისწამების კრიმინალიზების ინიციატივით მიმართავს.

დეპუტატმა მანანა კობახიძემ მისი ძმის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა, რომ გამოხატვის თავისუფლებასა და პატივისა და ღირსების დაცვას შორის ბალანსი დარღვეულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი