ახალი ამბები

კობახიძე: ცილისწამებისას მტკიცების ტვირთი ინფორმაციის გამავრცელებელზე უნდა იყოს

29 თებერვალი, 2016 • 1966
კობახიძე: ცილისწამებისას მტკიცების ტვირთი ინფორმაციის გამავრცელებელზე უნდა იყოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლებასა და პატივისა და ღირსების დაცვას შორის ბალანსი დარღვეულია:

“ევროპულ ქვეყნებში  ზოგან არის სისხლის სამართლის დანაშაული ცილისწამება, ზოგან არ არის. ჩვენი კანონმდებლობა ძალიან ლიბერალურია  ამ მიმართულებით. თავის დროზე პოზიტივად შეფასდა ცილისწამების დეკრიმინალიზაცია, მაგრამ, მეორე მხრივ, თავის დროზე უკიდურესობისკენ წავიდა ამ მხრივ რეფორმა, როდესაც რამიშვილის, ალბათ ბოკერიას ინიციატივით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში  თუ სამოქალაქო კოდექსში იმ ტიპის ცვლილებები განხორციელდა, რომელმაც ორ ძალიან მნიშვნელოვან უფლებას შორის ბალანსი დაარღვია – ეს არის გამოხატვის თავისუფლება და პატივისა და ღირსების დაცვა. ამ ბალანსის დარღვევა არ შეიძლება, ის უნდა იყოს დაცული. არ შეიძლება  მტკიცების ტვირთი მთლიანად იმ სუბიექტზე გადაიტანო, ვის წინააღმდეგაც გავრცელდა ინფორმაცია. არ შეიძლება ადამიანი იმ მდგომარეობაში ჩააყენო, რომ მან ამტკიცოს, დანაშაული არ ჩამიდენიაო. ეს კონსტიტუციით დაცული უფლების, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა, არ შეიძლება ადამიანს მოსთხოვო მტკიცება, რომ დამნაშავე არ არის.”

მისივე სიტყვებით, საქართველოში არსებული ულტრალიბერალური მიდგომა მოსახლეობას აზარალებს:

“ვფიქრობ, თავიდან ძალიან სწორად იყო გაწერილი სამოქალაქო კოდექსში, როდესაც ინფორმაციის გამავრცელებელზე იყო მტკიცების ტვირთი. ვინც ინფორმაციას ავრცელებს მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მტკიცებულებები, სამხილები, ფაქტები. ძალიან ულტრალიბერალური მიდგომა, რომ მარტო ადამიანმა თქვას რაღაც, რაც უნდა ის დააბრალოს მეორეს და შემდეგ ის მეორე იყოს მტკიცების მდგომარეობაში, ეს საზოგადოებას აზარალებს. საზოგადოებამ უტყუარი ინფორმაცია უნდა მიიღოს და ეს გარკვეული ჟურნალისტების  წახალისებასაც ახდენს, რომ ყველაფერი შეიძლება მოიგონონ, გაავრცელონ სკანდალები, ამით სარფიანად გაყიდონ თავიანთი პროდუქტი და მოატყუონ.”საზოგადოება. ”

დეპუტატის თქმით, ის მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიღების მიზანი ამ ბალანსის აღდგენა და, შესაბამისად, მტკიცების ტვირთის ინფორმაციის გამავრცელებელზე გადატანაა.

“აუცილებელი არის სამოქალაქო კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანა და ალბათ ნორმალურ ჩარჩოებში და კალაპოტში კანონის ჩაყენებაა მნიშვნელოვანი. მე დავიწყე ამ მიმართულებით მუშაობა, მაგრამ რაც შეეხება კრიმინალიზაციას, აქ მაინც ფრთხილი ვიქნებოდი. თუ ამ ყველაფერს იმ ჩარჩოში მოვაქცევთ, რომელიც შესაძლებელს გახცდის, რომ ადამიანის ღირსება და პატივი იყოს დაცული სამოქალაქო საკანონმდებლო დონეზე, ეს იქნებოდა საკმარისი. საჭიროა სამოქალაქო სამართლებრივი მიმართულებით მუშაობა.”

24 თებერვალს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, თედო კობახიძემ  ტელეკომპანია “იბერიასთან” საუბრისას განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში პარლამენტს ცილისწამების კრიმინალიზების ინიციატივით მიმართავს.  მანანა კობახიძის ძმის  განმარტებით, კანონპროექტის მომზადების მიზეზი ბოლო თვეებში შეწყალების კომისიის საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი