ახალი ამბები

პარლამენტს ცილისწამების კრიმინალიზაციის მოთხოვნის წინადადებით მიმართეს

13 დეკემბერი, 2016 • 4398
პარლამენტს ცილისწამების კრიმინალიზაციის მოთხოვნის წინადადებით მიმართეს

საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემია პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, რომლის მიხედვით, ცილისწამება და შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაული უნდა გახდეს.

“სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ მომზადებული პროექტის თანახმად,  წინასწარი შეცნობით სხვა ფიზიკური და იურიდიული პირის სახელის გამტეხი არასწორი, ცრუ მონაჭორის გავრცელება საჯაროდ, ან პრესის, ან სხვა რაიმე სახის ტექნიკური საშუალებით, – ისჯება  2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან გამასწორებელი სამუშაოთი იმავე ვადით, ან 20 000 ლარამდე ჯარიმით.

განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება ან ცილისწამება, რომელსაც თან ერთვის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის, ან მასში მონაწილეობის ბრალდება – ისჯება ორიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან 50 000 ლარამდე ჯარიმით.

ამავე პროექტით,  წინასწარი შეცნობით ფიზიკური ან იურიდიული პირის შეურაცხყოფა რაიმე უხამსი სიტყვიერი ან კარიკატურული ფორმით, ან ბეჭვდითი, ან სხვა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით ისჯება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან გამასწორებელი სამუშაოთი  იმავე ვადით, ან  20 000 ლარამდე ჯარიმით.

განმეორების შემთხვევაში კი იგივე ქმედება, ან რასაც თან სდევდა პირის ფიზიკური შეურაცხყოფა, ისჯება  3 წლამდე პატიმრობით, ან გამასწორებელი სამუშაოთი იმავე ვადით, ან  50 000 ლარამდე ჯარიმით.

ფარული ვიდეოგადაღებით მოპოვებული პირადი, საიდუმლო, ნეგატიური ყოფა-ცხოვრების ამსახველი ისეთი მონაცემების გავრცელება, რომელიც შეურაცხყოფს მის პირად ღირსებას და სახელს უტეხს საზოგადოების თვალში, ან ეროვნული – რელიგიური სარწმუნოების სიტყვიერი, ან რაიმე კარიკატურული ფორმით გამოხატული შეურაცხმყოფელი მასალის გავრცელება პრესის ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ისჯება  სამიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან  70 000 ლარამდე ჯარიმით.

საკანონმდებლო წინადადებას არ ახლავს განმარტებითი ბარათი, თუ რატომ უნდა გახდეს ცილისწამება და შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა აღნიშნულია, რომ “ორივე ქმედების დასჯადად გამოცხადების აუცილებლობა დასაბუთებულია ჟურნალ „იურისტის“ პირველ ნომერში.”

საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტში წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების ან კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

საკანონმდებლო წინადადებას პარლამენტის ბიურო ან პარლამენტის თავმჯდომარე 5 დღის ვადაში გადასცემს კომიტეტებს წამყვანი კომიტეტის მითითებით, რომელიც მას განიხილავს 20 დღეში. თუ ეს ვერ მოხერხდა, საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა ავტორთან შეთანხმებით შეიძლება გააგრძელოს პარლამენტის თავმჯდომარემ არაუმეტეს 10 დღით. საკომიტეტო განხილვის შედეგად საკანონმდებლო წინადადება მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება ცნობილ იქნეს მიღებულად ან უარყოფილად.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პარლამენტს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას სთხოვენ. 2016 წლის 24 თებერვალს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, თედო კობახიძემ  ტელეკომპანია “იბერიასთან” საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტს ცილისწამების კრიმინალიზების ინიციატივით მიმართავს. იმავე თვეში, პარლამენტის მაშინდელმა ვიცესპიკერმა, მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის ვიცესპიკერი, მანანა კობახიძე აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლებასა და პატივისა და ღირსების დაცვას შორის ბალანსი დარღვეულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი