ახალი ამბებისამართალი

ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმას შსს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით იძიებს

8 თებერვალი, 2017 • 1923
ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმას შსს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით იძიებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი გამოძიებას ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე (სსკ-ის 120-ე მუხლით) აწარმოებენ ტრანსგენდერი ქალების განცხადების საფუძველზე.

პოლიციის ცნობით, 6 თებერვალს, დილის 07:20 საათზე, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, მოქალაქეებს შორის ჩხუბი მოხდა.

“შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან 2 წუთში გამოცხადდნენ, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი 4 პირი დახვდათ. ისინი სამართალდამცველების მიმართ აგრესიულად იქცეოდნენ. გამოკითხვისას დაადასტურეს, რომ „112“-ში შეტყობინების ინიციატორები იყვნენ, თუმცა პოლიციასთან თანაშრომლობა და ვინაობის გამხელა არ ისურვეს. საუბარში მხოლოდ იმას აღნიშნავდნენ, რომ რამდენიმე მოქალაქემ ისინი ერთ-ერთ ღამის ბარში სცემა. მათ არ ისურვეს იმ ბარის დასახელება, სადაც ინციდენტი მოხდა.

სამართალდამცველებმა ოთხივე პირი ალკოტესტით შეამოწმეს, რის შედეგადაც მათ ალკოჰოლური სიმთვრალე დაუდგინდათ. პოლიციამ შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების განსახორციელებლად მათ განყოფილებაში მისვლა შესთავაზა, რაზეც კატერგორიული უარი განაცხადეს და ტერიტორია დატოვეს.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლების მიერ მრავალგზის უშედეგოდ გაკეთებული შეტყობინებების შემდეგ, ისინი დღეს, შუადღისას, გამოცხადდნენ პოლიციის განყოფილებაში”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შსს–ს პრესსამსახურმა მოგვაწოდა.

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) ცნობით, 6 თებერვალს თბილისში, ელბაქიძის აღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, ამ დრომდე დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ ოთხ ტრანსგენდერ ქალს.

“ძალადობის მსხვერპლებს სახისა და კიდურების დაზიანებები აქვთ, კერძოდ, ერთ მათგანს აქვს მოტეხილი ხელი, ორ ქალს აღენიშნება დაჟეჟილობები და ერთს ცხვირი აქვს დაზიანებული”, – იუწყება WISG. მათივე ცნობით, სამი ტრანსგენდერი ქალი უკვე გამოიკითხა და ერთი დაზარალებულის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტიც ჩატარდა.

ტრანსფობიის ნიადაგზე საქართველოში არაერთხელ დაფიქსირდა ტრანსგენდერ ქალებზე ძალადობის ფაქტი, მათ შორის, ადგილი ჰქონდა ძალადობის ნიადაგზე რამდენიმე მათგანის მკვლელობასაც კი.

მასალების გადაბეჭდვის წესი