„კვირაში სამჯერ-ოთხჯერ ასეთი მდგომარეობაა. არის ასეთი საუბარი, გამოსწორდება და აღარ იქნებაო. როდესაც არის კვამლი, მერე სუნიც დგება,“ – ამბობს „ნეტგაზეთთან“ საუბარში ზესტაფონში მცხოვრები გელა ჯუღელი.
მოსახლეობის განცხადებით, კვამლი ყოველ ღამე დგება, დილით კი ცა ყვითელი ნისლით არის დაფარული.
„მოგვწამლეს, მოგვშხამეს და რა ვიცი. ყოველდღე ასეა, დილა-საღამოს. ამოდის კვამლი და იწამლება ხალხი,“ – ამბობს თენგიზ კაპანაძე.
“საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც ფეროშენადნობთა ქარხანას ფლობს, დაჯარიმდა, მეოთხე საამქროზე ფილტრები მაინც არ დააყენა.
„მეოთხე საამქროს არა აქვს არანაირი ფილტრი. ხდება მავნე ნივთიერებების ზალპურად გაშვება ჰაერში. ქარხნის მესვეურები გვპირდებოდნენ, რომ ფილტრები ექნებოდათ. გარემოს დაცვის სამინისტრომ ფერო დააჯარიმა 10 ათასი ლარით ამ ზალპური გაშვებების გამო. დაპირდნენ, რომ ფილტრებს დავაყენებთო, მაგრამ არ გააკეთეს. აუცილებლად უნდა ჩაატარონ გარემოსდაცვითი აუდიტი,“ – აცხადებს ნინო ჩხობაძე.
„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა „ჯორჯიან მანგანეზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მაკა კვარაცხელიას. მისი განცხადებით, ის ამჟამად ჭიათურაში იმყოფება, ფეროში არსებულ სიტუაციას კი არ იცნობს. კომენტარს კი სიტუაციაში გარკვევის შემდეგ გააკეთებს.