ახალი ამბები

‘ევროპელი დემოკრატები’ რუსეთთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლას ეწინააღმდეგებიან

5 ნოემბერი, 2012 • 990
‘ევროპელი დემოკრატები’ რუსეთთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლას ეწინააღმდეგებიან

პაატა დავითაიას განცხადებით, მიმოსვლის აღდგენა მიუღებელია:

“კატეგორიულად მიუღებელია სარკინიგზო და საავტომობილო გზის გახსნა იმ ქვეყანასთან, რომელიც არ ცნობს ქართულ სახელმწიფოებრიობას და იმ ადამიანებთან, ვინც ოკუპაცია გაუკეთეს საქართველოს ტერიტორიებს. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს. მივმართავ საქართველოს პარლამენტს, გახდეს ეს მსჯელობის საკითხი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩავაყენოთ საქმის კურსში საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო”, – განაცხადა დავითაიამ. მისი თქმით ასევე განიხილება აფხაზური და ოსური პასპორტების აღიარების საკითხიც:

“ყველაზე საშინელება, რაც განიხილება, არის ის, რომ საქართველოს მხარემ ცალმხრივად აღიაროს აფხაზური და ოსური პასპორტები. ისინი აცხადებენ, რომ ამას არ სჭირდება პარლამენტის განხილვა და ეს ცალმხრივად უნდა იყოს მიღებული. მე მინდა ხაზი გავუსვა ამ საკითხს და ვთქვა, რომ პასპორტების აღიარება არის ტოლფასი დამოუკიდებლობის აღიარების იმიტომ, რომ პასპორტი არის სიმბოლო სახელმწიფოებრიობის”, – აცხადებს პაატა დავითაია.

პაატა ზაქარეიშვილის ინტერვიუ იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობას რუსეთთან აფხაზეთის გავლით 20 წლის წინ შეწყვეტილი სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა სურს, რუსულმა გამოცემა “კომერსანტმა” 2 ნოემბერს გამოაქვეყნა. ინტერვიუში ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის პროცესს არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური სარჩული და საკითხი მხოლოდ ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაიჭრას.


მასალების გადაბეჭდვის წესი