ახალი ამბები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტო არ გაიზიარა

7 თებერვალი, 2017 • 3426
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტო არ გაიზიარა

[one_half last=”no”]Content[/one_half]

დღეს, 7 თებერვალს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები მართლმსაჯულების რეფორმის  ​მესამე ტალღასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე.

პრეზიდენტის ვეტოს  კომიტეტის მხოლოდ ორი წევრი დაეთანხმა. მოტივირებულ შენიშვნებს მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, კანონპროექტს დადგენილ ვადაში ხელი არ მოაწეროს და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს პარლამენტს.  მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებულ კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს 15 დღის ვადაში. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ჩამოყალიბებული უნდა იყოს კანონპროექტის სახით.

თუ პარლამენტი მთლიანად მიიღებს შენიშვნებს, კანონპროექტი 5 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც მის საბოლოო რედაქციას ხელს აწერს და კანონს აქვეყნებს 7 დღეში.  თუ პარლამენტი მთლიანად არ მიიღებს შენიშვნებს, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. ორგანული კანონის ან კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედისა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი  საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს არ შეესაბამება.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის მიხედვით, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით, ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედეგების ანალიზის საფუძველზე. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების თანახმად კი, რაიონული(საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები ფარული კენჭისყრით თავად ამ სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა აირჩიონ.

პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს მოსამართლის სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა და სააპელაციო და რაიონული სასამართლოს მოსამართლეები  პირდაპირ უვადოდ უნდა დანიშნოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის თანახმად, უზენაესი სასამართლოს წევრთა – მოსამართლეთა რაოდენობაა არანაკლებ 16-ისა. პრეზიდენტი კი მიიჩნევს, რომ მინიმალურის გარდა უნდა განისაზღვროს მოსამართლეთა მაქსიმალური რაოდენობაც.

პრეზიდენტის შენიშვნების თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლეთა კონფერენციის არჩეული რვა წევრი, მათ შორის საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების სრული ტექსტი იხილეთ ამ ბმულზე.

24 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო “საერთო სასამართლოების შესახებ” მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც პარლამენტმა 2016 წლის 29 დეკემბერს დაამტკიცა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი