შსს-ს განცხადებაში ნათქვამია:

“თავშივე გვინდა აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც  წესი, არ აპირებს პოლიტიკურ პარტიებთან დებატებში ან რაიმე სახის პოლიტიკურ პოლემიკაში შესვლას.

მიგვაჩინა,  რომ ეს არ არის უწყების ფუნქცია და უწყებას გაცილებით მნიშვნელოვანი ამოცანები აქვს გადასაჭრელი. განცხადება, რომელსაც ახლა გთავაზობთ, მხოლოდ და მხოლოდ ახლად დანიშნული თანამდებობის პირებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით არის განპირობებული და საზოგადოების სწორად ინფორმირებას ემსახურება.

ამ მიზნით ვაქვეყნებთ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2″ -ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც ეთერში გავიდა 2009 წლის  15 აპრილს. აღნიშნულ მასალაში ინტერვიუს ავტორი  ვარვარა პროხომენკო თავად ადასტურებს, რომ არასწორად გადმოსცა რესპოდენტის აზრი.

რაც შეეხება სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმს”, 2002 -2003 წლებში უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მართლაც აწარმოებდა სისხლის სამართლის საქმეს, ჩატარდა საგამოძიებო სამუშაოები რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფ სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმთან” დაკავშირებით, რომლის შედეგადაც სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული რამდენიმე დანაშაულში მხილებული პირი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

“ერთიან ნაციონალური მოძრაობაში” მიიჩნევენ, რომ შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილეების პოსტზე გარკვეული პირების დანიშვნა საფრთხეს უქმნის როგორც სახელმწიფო უწყების მუშაობას, ისე ზოგადად ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრ ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, შს მინისტრის მოადგილეებად შერჩეულ პირთა ნაწილს სახელმწიფო თანამდებობები ეკავათ იმ დროში, როდესაც ქვეყნის მართვის პროცესში ჩართული იყვნენ ორგანიზებულ–დანაშაულებრივი ჯგუფები ე.წ. კანონიერი ქურდების სახით და კორუფციაც მასშტაბური იყო.

ჯაფარიძე კონკრეტული გვარების დასახელებას მოერიდა, მან მხოლოდ ირაკლი ღარიბაშილის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილზე ისაუბრა ღიად:

“შს მინისტრის ერთ–ერთი ამჟამინდელი მოადგილის სახელი ფიგურირებდა ისეთ გახმაურებულ და კორუფციულ სკანდალში 2003 წელს, როგორიც იყო “ჭიათურმანგანუმის” საქმე. ასევე ამ პიროვნებას ეკუთვნის სიტყვები “ხანდახან ვფიქრობ, რომ შესაძლოა უკეთესი ყოფილიყო, თუ რუსეთი თბილისს აიღებდა. ეს კომენტარი მან ერთ–ერთ რუსულ გამოცემასთან გააკეთა”.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ასევე განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნას, მაგრამ საჭიროდ მიიჩნევენ საზოგადოებას განუმარტონ, თუ რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *