ახალი ამბები

ქეთი მსხილაძე: მაღლაფერიძის გეგმა რეფორმის ყველაზე რადიკალური ვარიანტია

6 თებერვალი, 2017 • 2697
ქეთი მსხილაძე: მაღლაფერიძის გეგმა რეფორმის ყველაზე რადიკალური ვარიანტია

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრი ქეთი მსხილაძე რეფორმის ყველაზე რადიკალურ ვარიანტს უწოდებს არხის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის მიერ საზოგადოებისთვის და საბჭოს წევრებისთვის წარდგენილ სტრატეგიას, რომლის თანახმადაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2017 წელს ყველა გადაცემა უნდა შეჩერდეს, “მოამბის” გარდა:

“ეს არის რეფორმის ყველაზე რადიკალური ვარიანტი. საერთოდ, ასეთი რადიკალური ცვლილებების მომხრე ზოგადად არ ვარ. პირველ რიგში, ინფორმაცია უნდა მივიღოთ, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. საბოლოო ჯამში, რაზე შევთანხმდებით ან ვერ შევთანხმდებით, არ ვიცი. ცხადია, მოსაზრებები განსხვავებული იქნება საბჭოში. მოვისმენთ ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრებას, პირველ რიგში, თანამშრომლებისას, ასევე, ფართო საზოგადოების მოსაზრებებს და შემდეგ საბჭო უმრავლესობით მიიღებს გადაწყვეტილებას”,- ამბობს მსხილაძე.

მისივე თქმით, ვასილ მაღლაფერიძეს გასაუბრებაზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად არჩევის კონკურსის დროს გაიარა, არხის განვითარების ასეთი რადიკალური ხედვა არ წარმოუდგენია. ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად 2017 წლის იანვარში დაინიშნა:

“[მისი ხედვა] ასეთი რადიკალური არ იყო. იქ იყო ზოგადი მოსაზრებები, პრინციპში, რაზეც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, ეს არის ახალი ნიუსრუმის შექმნა, რეიტინგის გაზრდა. მისი ერთ-ერთი პირობა იყო, რომ იგი არხს 2 წელიწადში გახდიდა კონკურენტუნარიან და რეიტინგულ ტელევიზიას. საუბარი იყო თანამშრომლების რაოდენობის გადახედვასა და ხელფასის ოდენობის გადახედვაზე. ეს ყველაფერი, ცხადია, მისაღებია. როდესაც ახლი დირექტორი მოდის, მას თავისი ხედვა აქვს, მაგრამ ყველა გადაცემის შეჩერება, ეს ძალიან რადიკალური ნაბიჯია. როდესაც საუბარია ტელევიზიის მუშაობის გაჩერებაზე, ეს ძალიან ბევრ სენსიტიურ მხარეს მოიცავს, დაწყებული თანამშრომლებიდან, სხვა საკითხებით დასრულებული”.

მსხილაძის შეფასებით, დირექტორის შერჩევის ის მექანიზმი, რომელიც არსებობს, არაფრის მომცემია და დასახვეწია:

“კანდიდატს შემოაქვს საბუთები და აქვს გასაუბრება. ამ გასაუბრებამ შეიძლება 2 საათს გასტანოს, ვართ 8 წევრი, თითო წევრმა თითო შეკითხვა რომ დასვას, ამაში გადის საათზე მეტი. ასე რომ, შერჩევის პროცედურა დასახვეწია, უნდა იყოს უფრო ეტაპობრივი და ხანგრძლივი. ახლა ორი ეტაპია, საბუთების მიხედვით გადარჩევა და გასაუბრება. ეს გასაუბრება მაინც უნდა იყოს  რამდენიმეეტაპიანი, მაგალითად, უფრო ვრცლად მოსთხოვო წარმოდგენა თავისი მოსაზრების და გეგმის, კონცეფციის და სხვა. ეს პროცედურა არ არის დახვეწილი, მაგრამ კანონში ასე წერია და ამ კანონს ვერ გადავალთ”.

დღეს, 6 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ წარმოადგინა სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც დღესვე გაეგზავნა მაუწყებლის ბორდს. ეს გეგმა ითვალისწინებს 2018 წლამდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა გადაცემის შეჩერებას, გარდა საინფორმციო პროგრამა “მოამბისა”.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვასილ მაღლაფერიძის მიერ დღეს წარმოდგენილ გეგმასთან ერთად სხვადასხვა გადაცემის პროდიუსერების მიერ აღწერილ პრობლემებიც გამოაქვეყნა. ამ ინფორმაციის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე მოვალეობის შესრულების პირველივე დღეს შეხვდა მაუწყებლის სხვადასხვა გადაცემის პროდიუსერებს და სთხოვა მათ, წერილობით წარმოედგინათ იმ პრობლემების ხედვა, რაც მათი გადაცემის ხარისხზე უარყოფითად აისახება.

მასალების გადაბეჭდვის წესი