პატიმართა ოჯახის წევრების განცხადებით, ციხის უფროსის შეცვლას თავად პატიმრები მოითხოვენ. პატიმრების მოთხოვნა განპირობებულია იმით, რომ ლევან აბურჯანია ძველი სისტემის ნაწილია. პატიმრები ციხის უფროსის გათავისუფლების გარდა ძველი თანამშრომლების გათავისუფლებასაც მოითხოვენ. როგორც პატიმართა ოჯახის წევრები აცხადებენ, აბურჯანიამ მისვლისთანავე განაცხადა, რომ “ახალაია მონაგონი იქნება” და პატიმრებს შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა.
“მოვედი პაემანზე, თუმცა არ გამოვიდა ჩემთან შესახვედრად,” – აცხადებს ციალა ქელეხსაშვილი.
როგორც ოჯახის წევრები აღნიშნავენ, დაახლოებით 20–მდე პატიმარი კარცერშია და პატიმრები მათ მიმართ სოლიდარობის ნიშნად პაემანზე არ გადიან.
ციხიდან ამ წუთებში ადვოკატი გურამ მაკარიძე გამოვიდა. მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ერთ პატიმარს შეხვდა:
“პატიმრებთან მივიდა ხმა, რომ უფროსობის მხრიდან მუქარას ჰქონდა ადგილი, ამის გამო ისინი განაწყენებულნი არიან, თუმც ციხეში მშვიდობაა და პანიკის სფუძველი არ არსებობს,”–განაცხადა მაკარიძემ.
რუსთავის #16 დაწესებულების ხელმძღვანელად ახალმა მინისტრმა სოზარ სუბარმა ლევან აბურჯანია რამდენიმე დღის წინ დანიშნა, რასაც იმთავითვე მოჰყვა პატიმრების პროტესტი. აბურჯანია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს გარდაბნის რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.