“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ამ საკითხზე დღეს, 1 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართა პარტიის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომლის განცხადებითაც, ისინი მსგავს მოვლენას ყურადღების გარეშე ვერ დატოვებენ.
ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, შს მინისტრის მოადგილეებად შერჩეულ პირთა ნაწილს სახელმწიფო თანამდებობები ეკავათ იმ დროში, როდესაც ქვეყნის მართვის პროცესში ჩართული იყვნენ ორგანიზებულ–დანაშაულებრივი ჯგუფები ე.წ. კანონიერი ქურდების სახით და კორუფციაც მასშტაბური იყო.
ჯაფარიძე კონკრეტული გვარების დასახელებას მოერიდა, მან მხოლოდ ირაკლი ღარიბაშილის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილზე ისაუბრა ღიად:
“შს მინისტრის ერთ–ერთი ამჟამინდელი მოადგილის სახელი ფიგურირებდა ისეთ გახმაურებულ და კორუფციულ სკანდალში 2003 წელს, როგორიც იყო “ჭიათურმანგანუმის” საქმე. ასევე ამ პიროვნებას ეკუთვნის სიტყვები “ხანდახან ვფიქრობ, რომ შესაძლოა უკეთესი ყოფილიყო, თუ რუსეთი თბილისს აიღებდა. ეს კომენტარი მან ერთ–ერთ რუსულ გამოცემასთან გააკეთა”.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ასევე განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნას, მაგრამ საჭიროდ მიიჩნევენ საზოგადოებას განუმარტონ, თუ რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა.