ახალი ამბები

ტრანსგენდერი ქალის, ზიზი შეყილაძის მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

3 თებერვალი, 2017 • 4245
ტრანსგენდერი ქალის, ზიზი შეყილაძის მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

ტრანსგენდერი ქალის, ზიზი შეყილაძის მკვლელობაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

“დაცვის მხარე აპელირებდა, რომ განზრახ მკვლელობას ადგილი არ ჰქონია და ეს იყო სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა. განზრახ მკვლელობის ნაწილში მას მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მას სასჯელის მაქსიმალური ოდენობა არ მიესაჯა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასჯელი არ არის ადეკვატური. გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო ამ შემთხვევაში”,- ამბობს ადვოკატი ციალა რატიანი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისივე თქმით, ბრალდებული იყო პირობითი მსჯავრის ქვეშ სხვა დანაშაულისთვის და სასამართლომ ნაწილობრივ შეკრების პრინციპი გამოიყენა, რის შედეგადაც 3 წლით თავისუფლების აღკვეთა დაემატა 10-წლიან სასჯელს. საბოლოოდ, მას თავისუფლების აღკვეთა სასამართლომ 13 წლით მიუსაჯა.

საქმეში არ ფიგურირებს სიძულვილის მოტივი. ადვოკატი განმარტავს, რომ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, სადაც მოტივზეც იქნება საუბარი, 14 დღეში ჩაბარდება მხარეებს:

“ითქვა, რომ დაიკითხა რამდენიმე ტრანსგენდერი ადამიანი და მათ თქვეს, რომ ბრალდებულს არ იცნობდნენ, შესაბამისად, დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით კომენტარი არ აქვთ. სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება 14 დღეში იქნება. საქმეში მოტივი ფიგურირებდა, როგორც ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი დანაშაული”,- ამბობს რატიანი.

ტრანსგენდერი ქალს, ზიზი შეყილაძეს 2016 წლის 16 ოქტომბერს დაესხნენ თავს და ყელისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენეს. იგი ჯერ “ნიუჰისპიტალსში” გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ- რესპუბლიკურ კლინიკურ ინფექციურ საავადმყოფოში. მისი მდგომარეობა მძიმე იყო, იგი კომაში იმყოფებოდა და 23 ნოემბერს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტრანსგენდერი ქალის დაჭრის საქმეზე ბრალდებული 16 ოქტომბერს დააკავეს. იგი 1985 წელსაა დაბადებული და წარსულში ნასამართლევია. ამჟამად კი პირობითი მსჯავრის ქვეშაა.

19 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ორთაჭალაში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ტრანსგენდერი ქალი ზიზი შეყილაძე სასიკვდილოდ დაჭრეს, აქტივისტები და მეგობრები შეიკრიბნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. ფოტო: ნეტგაზეთ/ ქეთი მაჭავარიანი

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მონაცემებით, 2016 წლის განმავლობაში საქართველოში ტრანსგენდერ და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებზე თავდასხმის ოცამდე შემთხვევაა დოკუმენტირებული.

ორგანიზაციის, “ტრანსგენდერი ევროპის” (TGEU), რომელიც WISG-ის პარტნიორია, სტატისტიკის მიხედვით, 2008 წლის იანვრიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით 65 ქვეყანაში 2115 ტრანსგენდერი მოკლეს.

2016 წლის იანვარ-მაისში კი ტრანსგენდერი და გენდერულად არაკონფორმული ადამიანის მკვლელობის 100 შემთხვევა დაფიქსირდა. TGEU-ის ცნობით, ეს მონაცემები რეალობას სრულად არ ასახავს, რადგან ქვეყანათა უმრავლესობაში ტრანსგენდერ და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებზე თავდასხმისა და მკველობებათა შემთხვევების დაფიქსირება, აღწერა და მონიტორინგი არ მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი