ახალი ამბები

პარლამენტში დაავადებული ხეების ჭრის პროცედურის გამარტივებაზე მსჯელობენ

2 თებერვალი, 2017 • 1528
პარლამენტში დაავადებული ხეების ჭრის პროცედურის გამარტივებაზე მსჯელობენ

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ დავით სონღულაშვილის ინიცირებულ კანონპროექტს განიხილავენ, რომლის მიხედვით, თბილისში დაავადებული ხეების ჭრა მარტივდება.

ინიციატივის თანახმად, ცვლილებები შედის “ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ” კანონში. კანონპროექტის მიხედვით, თუ არსებული მწვანე ნარგავები დაავადებული, ხმელი, ხმობადი, ამორტიზებული ან ფაუტია, ხოლო აღნიშნული ფაქტი და დაავადებული მწვანე ნარგავების განკურნების შეუძლებლობა დადასტურებულია შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, მწვანე ნარგავის ჭრა დასაშვებია მხოლოდ ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების საკომპენსაციო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.

რაც შეეხება ჭრის ნებართვას, პროექტის თანახმად, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში შესაბამისი ორგანოების მიერ მეორე და მესამე კატეგორიას მიკუთვნებული მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გამცემ სამსახურს, ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს თბილისის მუნიციპალიტეტი დაადგენს.

განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიზანია გამონაკლისის დადგენა, რათა კერძო საკუთრებაში არსებული დაავადებული მწვანე ნარგავების მოჭრა დასაშვები იყოს:

“დაავადებული ხე, რომელიც არ ექვემდებარება განკურნებას, უნდა მოიჭრას სანიტარული ჭრის ფარგლებში, რაც გულისხმობს მწვანე ნარგავების მოვლით ღონისძიებას, ვინაიდან დაავადებული ხე-მცენარე დაავადების გავრცელების წყაროს წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის მიმდებარეთ არსებულ ჯანსაღ ხეებს. შესაბამისად, სამართლიანი იქნება ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების განხორციელების ვალდებულებისგან გათავისუფლდნენ მესაკუთრეები,” – აღნიშნულია განამრტებით ბარათში.

გარემოს დაცვის კომიტეტის თამვმჯდომარის პირველი მოადგილის,  ზაზა ხუციშვილის თქმით,  შესაძლოა ნებართვის გამცემი დამოუკიდებელი ორგანო ჩამოყალიბდეს:

“ეს შეიძლება იყოს ცალკე წარმოდგენილი ორგანო, ექსპერტების პატარა ჯგუფი, რომლებსაც შესაბამისი კვალიფიკაცია აქვთ და ეს დამტკიცდება. დღეს არსებული წესით, ვისაც უნივერსიტეტი დამთავრებული აქვს და დიპლომი უჭირავს, ყველას შეუძლია ამის [მოჭრის ნებართვის] დაწერა. საკრებულოს გადასაწყვეტია, როგორი ორგანო შეიქმნება. აქამდე რაც იყო, იმაზე უკეთესს ვაკეთებთ,”- ამბობს ხუციშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი