ახალი ამბები

ხელისუფლება ფარული მოსმენების გასაღების სუს-იდან გატანას არ აპირებს

31 იანვარი, 2017 • 3311
ხელისუფლება ფარული მოსმენების გასაღების სუს-იდან გატანას არ აპირებს

“ეს შენ გეხებას” წევრი არასამთავრობოები პროტესტის ნიშნად ეთიშებიან ფარულ მოსმენების საკანონმდებლო ცვლილებების მოსამზადებელ სამუშაო ჯგუფს, რადგან მიაჩნიათ, რომ მოსმენების კანონთან დაკავშირებით წარმოდგენილი ცვლილებები არ შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მთავრობა აპირებს, ფარული მოსმენების ფუნქცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ამავე სამსახურში შექმნილ სსიპ-ში გადაიტანოს. პარლამენტის მიერ არასამთავრობოებისთვის გადაგზავნილ კანონპროექტში ნათქვამია, რომ ეს სსიპი “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი” იქნება. სწორედ ამას აფასებს კამპანია “ეს შენ გეხება” საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობად.

“ეს შენ გეხებამ” 31 იანვარს გამართულ ბრიფიგზე განაცხადა, რომ ეს ცვლილებები არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, სამოქალაქო სექტორი კი ამ პასუხისმგებლობის გაზიარებას არ აპირებს.

მიხეილ ბენიძე და ანა ნაცვლიშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.01.2017

მიხეილ ბენიძე და ანა ნაცვლიშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.01.2017

როგორ გადაწყვიტა ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება?

“ჭეშმარიტებაზე მონოპოლია არ აქვს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს,”- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ დღეს ტელეკომპანია იმედის ეთერში. მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებობს სხვა ინსტიტუტებიც და აზრი უნდა ვკითხოთ ხალხს, პარლამენტს, მთავრობას და ა.შ.

“ეს შენ გეხებას” მიერ შეთავაზებულ წინადადებას, რომლის თანახმადაც, მოსმენები სრულიად დამოუკიდებელმა უწყებამ უნდა განახორციელოს, ხელისუფლება არ განიხილავს.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შესაქმნელად პარლამენტმა 2016 წლის დეკემბერში სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები შედიოდნენ. ჯგუფმა ბოლო სხდომა გუშინ, 30 იანვარს გამართა.

ამ სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთავრობა საკონსტიტუციო გადაწყვეტილების შესასრულებლად მხოლოდ ერთ ვარიანტს განიხილავს – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც მოსმენებს განახორციელებს.

ამ სსიპ-ის ხელმძღვანელის კანდიატების შერჩევაში მონაწილეობას მიიღებს სუს-ის უფროსი, ხოლო დანიშნავს – პრემიერ-მინისტრი. თალაკვაძის განცხადებით, ეს სსიპი ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და მთავრობის წინაშე, ასევე, შემოდის უზენაესი სასამართლოს მხრიდან კონტროლიც.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ფარული მოსმენების ფუნქციას სუს-ში შექმნილ სსიპ-ში ტოვებს, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ეს ინსტიტუტი დამოუკიდებელი იქნება.

“ფარული მიყურადების ფუნქცია გადის დამოუკიდებლად. ცალსახად გეუბნებით, ეს არის ახალი ორგანიზაცია, რომელსაც არ გააჩნია გამოძიების ფუნქცია,” – თქვა არჩილ თალაკაძემ.

რისკების შესახებ, რომლებსაც ასეთი მოდელის განხორციელების შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციები ხედავენ, თალაკვაძე ამბობს, რომ ხელისუფლების მოდელი ამ რისკებს ამცირებს:

“დღეს რაზეც საუბრობენ, ეს უკვე აღარ არის რისკები, ეს არის შიშები და ეჭვები და, მე ვფიქრობ, ეჭვიანობით ვერ შევძლებთ სახელმწიფოსთან სისტემის ჩამოყალიბებას,”- განაცხადა თალაკვაძემ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) დირექტორმა, ეკა გიგაურმა გამოთქვა ეჭვი, რომ, სავარაუდოდ, კანონპროექტი მხოლოდ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს არ მოუმზადებია და ჩართული იყო სუს-იც. მისივე თქმით, ელექტრონული ფაილების ავტორად სუს-ის თანამშრომელი არის მითითებული.

ეკა გიგაური. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.01.2017

ეკა გიგაური. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.01.2017

“ამბობენ, რომ იურიდიულმა კომიტეტმა მოამზადა, თუმცა, ჩვენ რომ ფაილებს შევხედეთ, რაც გადმოგზავნილი იყო, ნაწილი იყო დაწერილი სუს-ის თანამშრომლების მიერ,”- განაცხადა ეკა გიგაურმა.

მოგვიანებით TI-დან ნეტგაზეთს მიაწოდეს “სქრინშუტი”, სადაც ერთ-ერთ ფაილზე ავტორად მითითებულია დავით გაბეხაძე. დავით გაბეხაძე, მათივე ინფორმაციით, სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ინსპექტორია.

ნეტგაზეთი იმის გადასამოწმებლად, მართლაც მუშაობს თუ არა დავით გაბეხაძე სუს-ში, უწყებას უკვე დაუკავშირდა. პასუხის მოწოდების შემდეგ ინფორმაციას განვაახლებთ.

16409881_1387364537972670_928042889_o

რა რისკებს ხედავს “ეს შენ გეხება” მთავრობის კანონპროექტში?

საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, თითქოს ეს მოდელი რეალურად უზრუნველყოფს დამოუკიდბელ უწყებას. ეს არის სიცრუე. თუკი უწყებას გამოვიტანთ სუს-იდან და შემდეგ მას კვლავ დავუქვემდებარებთ სუს-ს, ეს არ წარმოადგენს დამოუკიდებელ უწყებას,”- განაცხადა “ეს შენ გეხებას” წევრმა, ISFED-ის დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარისთვის, ანა ნაცვლიშვილისთვის კი გაურკვეველია, სად არის გამიჯნული სუს-ისა და ფარული მიყურადების განმახორციელებელი სამსახურის უფლებამოსილება.

“სინამდვილეში, ეს არის სუს-ის გაგრძელება… ეს იქნება სუს-ის სსიპი, მის ხელმძღვანელს შეარჩევს პრემიერ-მინისტრი სუს-ის ხელმძღვანელის წარდგინებით, მის დებულებას დაწერს სუსი და გაურკვეველია, სად არის გამიჯვნა, რომელსაც ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორ იქნება ის დაცლილი იმ ინტერესისგან, რომელიც სუს-ს უკანონო მოსმენების მიმართ ჰქონდა და რომლის გამოც იყო არსებული მოდელი არაკონსტიტუციური? ფაქტობრვად, არ სრულდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ყველაზე მნიშვნელოვანი მოდელი არის იგნორირებული, რომ ეს უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი უწყება,”- ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ანა ნაცვლიშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.01.2017

ანა ნაცვლიშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.01.2017

მისვე თქმით, როდესაც სახელმწიფო საუბრობს უსაფრთხოების საკითხებსა და თავდაცვაზე, აქ უნდა იგულისხმებოდეს სახელმწიფოსგან მოქალაქის დაცვაც.

“თუ ტერორიზმზეა საუბარი, ის, რაც მოხდა 2016 წლის მარტში, როდესაც ერთ-ერთი ჩანაწერი გავრცელდა, თავისი შინაარსით და შედეგით ის ტერორისტულ აქტს ჰგავდა იმიტომ, რომ მიმართული იყო ერთი, კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ და, ამავდროულად, მთელი საზოგადოების წინააღმდეგ. შემდეგ იყო მიმართვები კონკრეტული საჯარო პირების მიმართ. ტერორიზმის არსი არის, რომ ერთხელ დარტყმით დააშინო ათასი სხვა. უსაფრთხოების ვიწრო განმარტებაა, რომელსაც სახელმწიფო იყენებს, რომ მაინცდამაინც ტერორისტი უნდა დამესხას თავს. სახელმწიფო თუ ტერორში მამყოფებს და შესაძლებლობას აძლევს რომელიმე სხვა უწყებას, ტერორში ამყოფოს  ადამიანები, ეს არ არის უსაფრთხოების დარღვევა?”- განაცხადა მან.

ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” წარმომადგენელი, გიორგი ბურჯანაძე ნეტგაზეთთან საუბრისას ხსნის, თუ რა ნაკლოვანებები აქვს არსებულ სისტემას.

“როდესაც სახელმწიფოს სატელეკომუნიკაციო სერვერზე იმგვარი წვდომა აქვს, რომ მობილური ოპერატორი საერთოდ ვერ იგებს, როდის უსმენენ ვინმეს და როდის არა, სახელმწიფოს დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ უკანონო ქმედება ისე ჩაიდინოს, ამას ვერავინ მიხვდეს. დღევანდელი სისტემა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ თუ დღეს არსებობს ერთი კანონიერი პროგრამული კავშირი, “მეორე ხაზი” გააკეთოს სახელმწიფომ და ამის შესახებ ვერავინ გაიგებს. ეს არის სრულიად უკონტროლო სისტემა,”- განცხადა ნეტგაზეთთან გიორგი ბურჯანაძემ.

იგი ფიქრობს, რომ ამ რისკების დასაზღვევად, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული მოდელის ნაცვლად, სრულიად დამოუკიდებელი ორგანოს შექმნაა საჭირო. “ნეტგაზეთთან” საუბრისას მას ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მაგალითი მოჰყავს:

“ექსპერტიზის ეროვნული ბიურო არ არის ანგარიშვალდებული ხალხის მიმართ, რომ დანაშაული შემცირდება და ა.შ. მას ევალება, რომ პროფესიულად, ეფექტურად, რა ამოცანასაც დაუსახავენ, გადაჭრას. ანუ უწყებაა თვითონ დამოუკიდებელი. მისი ბუნებაა ასეთი. ჩვენ გვინდოდა, რომ ამ ტიპის სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი ყოფილიყო მოსმენების სააგენტო. იქ სერვისის მიმღებები შეიძლება იყვნენ სუსი, თავდაცვის სამინისტრო, შსს და ა.შ. ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ უწყებას არანაირი ინტერესი არ ჰქონოდა, რაღაც სხვა ამოცანების შესრულებაზე პასუხისმგებელი არ ყოფილიყო და განეხორციელებინა თავისი საქმე სერვისის სახით. ეს უზრუნველყოფდა იმას, რომ არანაირი დაინტერესება მათ არ ექნებოდათ უკანონო ქმედების ჩადენის,”- განაცხადა ბურჯანაძემ.

გიორგი ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ “ეს შემ გეხებამ” სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლოს. ნეტგაზეთთან საუბრისას “ეს შენ გეხებას” სხვა ლიდერებიც ამბობენ, რომ “ბრძოლას გააგრძელებენ” და გეგმების შესახებ საზოგადოებას უახლოეს დღეებში აცნობებენ.

რა დაავალა საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს?

კამპანია “ეს შენ გეხებას” საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია.

გადაწყვეტილებაში წერია, რომ ფარული მიყურადებით მონაცემები არ უნდა მოიპოვოს და შეინახოს ისეთმა უწყებამ, რომელიც დაინტერესებულია ამ ინფორმაციის გაცნობით.

“… მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მეტადატის) კოპირება და შენახვა ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია, ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეს,”- ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი