ახალი ამბები

რუსთაველზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალი ჯერ არავისთვის წარუდგენიათ

31 იანვარი, 2017 • 4981
რუსთაველზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალი ჯერ არავისთვის წარუდგენიათ

24 იანვარს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებებს ბრალი ჯერ არავისთვის წარუდგენიათ. ნეტგაზეთის შესაბამის შეკითხვას შსს-ში ასე უპასუხეს: “გამოძიება მიმდიანრეობს”.

მომხდართან დაკავშირებით ნეტგაზეთი ესაუბრა დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს. მოქალაქე ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუკზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავარიის გამომწვევი ერთ-ერთი სავარაუდო მძღოლი დეპუტატ ჯაფარიძის ნათესავია. დეპუტატი ჯაფარიძე მძღოლთან ნათესაურ კავშირებს არ ადასტურებს და ზემოხსენებულს ინფორმაციასაც უარყოფს. იგი ამბობს, რომ მძღოლი [მესტიაში] მისგან 100 მეტრის მოშორებით ცხოვრობს. დეპუტატი მომხდარს ტრაგედიას უწოდებს და აცხადებს, რომ მესტიის მკვიდრი ჯაფარიძეები გარდაცვლილის ოჯახში სამძიმარზე იმყოფებოდნენ, მათ შორის, პირადად თვითონაც: “მე გვარს ვერ გამოვაკლდები”. კითხვას,  ჩართული იყო თუ არა მძღოლი წინასაარჩევნოდ მესტიაში მის სასარგებლო პოლიტიკურ საქმიანობაში, ვიქტორ ჯაფარიძემ უპასუხა, რომ მესტიაში ჯაფარიძეების აბსოლუტური უმრავლესობა მისი მომხრეა. რაც შეეხება წინასწარი პატიმრობის საკითხს, ჯაფარიძის თქმით, აქ მნიშნელოვანია არა მისი აზრი, არამედ კანონი.

[ავტოსაგზაო] შემთხვვევა 24 იანვარს, გვიან ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლის თანახმად, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 იანვარს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ავარიაში მონაწილე მძღოლისთვის საგამოძიებო უწყებას ბრალი არ წარუდგენია:

“გამოძიების ფარგლებში დაინიშნა ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, რომელთა დასკვნების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანოს ექნება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რათა ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე პირის მიმართ განხორციელდეს კანონის შესაბამისი ღონისძიებები. რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სამივე მძღოლს, მომხდართან დაკავშირებით ისინი პოლიციის მიერ მოწმის სახით გამოიკითხნენ”,- ნათქვამია განცხადებაში.

უწყება განმარტავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეული პირის გამოკვეთა და მისთვის ბრალის წარდგენა, კანონის თანახმად, მხოლოდ შესაბამისი ექსპერტიზების დასრულების შემდეგაა შესაძლებელი.

“შს სამინისტრო მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას, რომ აღნიშნული საქმე დროულად იქნას გამოძიებული და დამნაშავე წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე”,- აცხადებს შსს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი