ახალი ამბები

გოგა ხაჩიძემ ივანიშვილს ანეკდოტის მოყოლა სთხოვა

24 ოქტომბერი, 2012 • 1100
გოგა ხაჩიძემ ივანიშვილს ანეკდოტის მოყოლა სთხოვა

“მე მინდა მრავალათასიანი აუდიტორიის თხოვნა შევასრულო, ჩვენ ვიცით, რომ თქვენ იუმორის დიდი მოყვარული ხართ და ჩვენ დღემდე ვიცით თქვენი ორი ანეკდოტი, ერთი– მიტუაზე და მეორე –”შედი ქალო ბუტკაში” ცნობილი ფრაზით, თუ შეიძლება ამ ყველაფრის ბოლოს, ეს შეხვედრა რომ დამთავრდება, მესამეც რომ დაგვიტოვოთ, იმიტომ, რომ მართლა ძალიან ვხალისობთ ხოლმე”, – მიმართა გოგა ხაჩიძემ პრემიერ მინისტრობის კანდიდატს. ამის საპასუხოდ ბიძინა ივანიშვილმა გოგა ხაჩიძის შესახებ ხუმრობა გაიხსენა, თითქოს გარემოს დაცვის მინსიტრობის დროს სამინისტროს დერეფანში ველოსიპედით დადიოდა:

“ანეკდოტებს მეგობრებში ვყვები, ან სიტუაციის მიხედვით, ჯერ მეგობრები არ ვართ ჩვენ, თუმცა ამის საშუალება შეიძლება დაგვრჩეს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გარდა ამისა, გოგა ხაჩიძემ შეხვედრისას ივანიშვილს ორი კითხვა დაუსვა: პირველი –თუ რატომ არ ასახელებს კონკრეტულ თარიღებს კონკრეტული დაპირებების მიცემისას, ხოლო მეორე უშუალოდ გარემოს დაცვას შეეხებოდა:

“გარემოს დაცვის სფეროსთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ ასეთი რამ, გუშინ, ბატონო პრემიერობის კანდიდატო, ერთ–ერთმა მინისტრობის კანდიდატმა საკომიტეტო განხილვაზე გვითხრა, რომ არსებობს განხილვა ასეთი მოდელის, რომ სატყეო სექტორი, ტყე, უშუალოდ დაექვემდებაროს პრემიერ მინსიტრს, თქვენი მინისტრობის კანდიდატმა ქალბატონმა ხათუნა გოგალაძემ თქვა ეს, მაინტერესებს, განიხილება თუ არა ეს მოდელი”, – განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

პასუხის გაცემა ბიძინა ივანიშვილმა თავად ხათუნა გოგალაძეს მიანდო:

“გუშინ საუბარი მოხდა იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს და რა უნდა იყოს სამინისტროს როლი გარემოს დაცვის რესურსებთან მიმართებაში, მე ვისაუბრე სხვა ბუნებრივ რესურსებზე, ტყე გამოვყავი ცალკე და აღვნიშნე, რომ ტყე არ არის, მაგალითად, ქვანახშირი და ასეთი კუთხით არ შეიძლება იყოს განხილული, ვთქვი ის, რომ რთულია ამ სისტემის მართვა და ამიტომ არსებობს სხვადასხვანაირი მოდელები, რომ ტყე შეიძლება იყოს დამოუკიდებელი და ა.შ. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მოდელის განხილვა”, – განაცხადა ხათუნა გოგოლაძემ. მისი თქმით, ამან შესაძლოა გაუგებრობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი