ახალი ამბები

არჩილ თალაკვაძე: საპარლამენტო მოდელი უკვე რეალურად გვაქვს ქვეყანაში

28 იანვარი, 2017 • 6695
არჩილ თალაკვაძე: საპარლამენტო მოდელი უკვე რეალურად გვაქვს ქვეყანაში

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყების წინ, სადაც პრეზიდენტის არჩევის წესზე იმსჯელებენ, პარლამენტის წევრმა “ქართული ოცნებიდან”, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მათ მიერ ინიცირებული ცვლილებები საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის განმტკიცებაზე იქნება მიმართული:

“ჩვენ კი არ ვიხრებით საპარლამენტო [რესპუბლიკის] მოდელისკენ, არამედ საპარლამენტო მოდელი უკვე რეალურად გვაქვს ქვეყანაში, ამიტომ, ბუნებრივია, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში და რეფორმაში აისახება და კიდევ უფრო გაძლიერდება ინსტიტუციურად ეს მოდელი. შესაბამისად, ცვლილებები, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, არის, ბუნებრივია, მორგებული ამ მოდელზე და საპარლამენტო მოდელის გრძელვადიან შემდგომ განმტკიცებაზე”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, მმართველი პარტიის ინიციატივით, რა უფლებები შეიძლება პრეზიდენტს შეეკვეცოს, თალაკვაძე აცხადებს, რომ საკითხზე არსებითი მსჯელობა არ გამართულა:

“დღეს არის პირველი სამუშაო შეხვედრა ჯგუფის, რომელიც განიხილავს მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებულ საკითხებს, ამიტომ წინასწარ რაიმე მოსაზრება, რომელიც ცალკე არის შემუშავებული, არ არსებობს. კონკრეტული ცვლილებები თუ მოხდება პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით, ეს იქნება სამუშაო ჯგუფის და კომისიის ერთიანი მუშაობის შედეგი”, – ამბობს თალაკვაძე.

“მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი და მოდელი უნდა იყოს მისი ფუნქციების, უფლებამოსილებების და პოლიტიკური როლის შესაბამისი. თუ ჩვენ მივდივართ საპარლამენტო მოდელის შემდგომი განმტკიცებისკენ, რასაც კომისიის წევრების დიდი უმრავლესობია ეთანხმება და ამაზე გარე კონსენსუსიც არსებობს, ბუნებრივია, მოგვიწევს კომისიის ფარგლებში, რომ არსებული სისტემა გადაიხედოს. თუ რაზე შევთანხმებით, ამაზე წინასწარ არ გავაკეთებ კომენტარს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შევთანხმდით, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია და არა ერთი ადამიანი”, – განაცხადა 28 იანვარს არჩილ თალაკვაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა პოზიცია აქვს მმართველ გუნდს აღნიშნულ საკითხზე, თალაკვაძემ უპასუხა: “გეტყვით მოგვიანებით”.

28 იანვარს თბილისის პარლამენტის სასახლეში საკონსტიტუციო კომისიის იმ ჯგუფის პირველი სხდომა მიმდინარეობს, რომელიც აქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხებს განიხილავს.


წაიკითხეთ “ნეტგაზეთის” არქივიდან: “არჩეული თუ დანიშნული პრეზიდენტი”

მასალების გადაბეჭდვის წესი