ახალი ამბები

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფში პრეზიდენტის არჩევის წესს განიხილავენ

28 იანვარი, 2017 • 10079
საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფში პრეზიდენტის არჩევის წესს განიხილავენ

28 იანვარს თბილისის პარლამენტის სასახლეში საკონსტიტუციო კომისიის იმ ჯგუფის პირველი სხდომა მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხებს განიხილავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე განიხილება კონსტიტუციის ის ნორმები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის ნაწილთან, საქართველოს მთავრობისა და ასევე თავდაცვის საკითხებთან.

როგორც საკონსტიტუციო კომისიის წევრები ამბობენ, 28 იანვრის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პრეზიდენტის არჩევის წესზე მსჯელობა იქნება. განსხვავებული პოზიციები აქვთ ამ საკითხზე უმრავლესობის, უმცირესობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) დირექტორი, მიხეილ ბენიძე, ამბობს, მათთვის მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩეს:

“პრეზიდენტის არჩევნები დარჩეს პირდაპირი წესით იმდენად, რამდენადაც ეს არის საზოგადოების, ხალხის მიერ პირდაპირ დემოკრატიაში მონაწილეობის ძალიან მნიშვნელოვანი გზა და ჩვენ ამ გზის გადაკეტვას ხელი არ უნდა შევუწყოთ”, – უთხრა სხდომის დაწყებამდე მიხეილ ბენიძემ ჟურნალისტებს.

“გარდა ამისა, თუკი კონცეპტუალურ საკითხებზე ვსაუბრობთ, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი იმ სახის პარლამენტში, რაც ჩვენ გვაქვს, ანუ ერთპალატიან პარლამენტში იმ ტერიტორიული მოწყობით, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, აჩენს რისკებს, რომ ხელისუფლების ძალაუფლების კონცენტრაცია იყოს სწორედ ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ პრეზიდენტს აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები, მათ შორის სასამართლო ხელისუფლების დაკომპლექტების კუთხით და ამ მიმართულებით პრეზიდენტის არაპირდაპირი დანიშვნა გამოიწვევს სასამართლო ხელისუფლებაზე მმართველი პარტიის მნიშვნელოვან გავლენას და ირიბ კონტროლს.

გარდა ამისა, მნიშნველოვანია სხვა საკითხებიც. ის, რომ არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი შეიძლება იყოს მნიშვნელოვნად დამოკიდებული იმ კონკრეტულ მომენტში უმრავლესობაზე, რადგან პარლამენტს აქვს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საშუალება. ხოლო პირიქით, პრეზიდენტი უნდა იყოს გაცილებით დამოუკიდებელი იმისათვის, რომ მას ეფექტურად შეეძლოს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება, – ვეტოს დადება თუ პარლამენტის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. შეიძლება, ეს გადაწყვეტილეებები პრეზიდენტმა ვერ მიიღოს ეფექტურად, თუკი იქნება პარლამენტის მიერ არჩეული და დამოკიდებული იმავე პარლამენტის უმრავლესობაზე”, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

წაიკითხეთ “ნეტგაზეთის” არქივიდან: “არჩეული თუ დანიშნული პრეზიდენტი”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი