ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზების პასუხი გამშვები პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე

28 იანვარი, 2017 • 6516
აფხაზების პასუხი გამშვები პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს წარმომადგენლისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის გამონათქვამებზე “ნაბაკიას” გამშვები პუნქტის დახურვასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს:

“სახელმწიფო საზღვრის მოწყობა და გამაგრება აფხაზეთის სუვერენული უფლებაა და არა გადაადგილების შეზღუდვა. გაეროს წარმომადგენლებმა საქართველოში და აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ მღელვარება გამოხატეს გამშვები პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით და განაცხადეს, რომ ეს გადაადგილებას შეზღუდავს და აფხაზეთის მოსახლეობისთვის გართულდება წვდომა ჯანდაცვაზე, განათლებაზე, ვერ მოხვდებიან ქორწილებში, ახლობლების დაკრძალვაზე”.

აფხაზური მხარე მიიჩნევს, რომ ეს მიდგომა ორმაგი სტანდარტების მანიშნებელია.

“გაეროს წარმომადგენლები საქართველოში შეშფოთებას გამოთქვამენ გალის მოსახლეობის გადაადგილების უფლებაზე და ამასთან, ყურადღებას არ ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ ქართული პოლიტიკის გამო მთელი აფხაზეთი საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება. თავისი არსით აფხაზეთის რესპუბლიკის მიმართ გამოუცხადებელი ჰუმანიტარული ბლოკადა ხორციელდება. აფხაზეთის რესპუბლიკის მხრიდან ნებისმიერი ჰუმანიტარული ან კულტურული ხასიათის საერთაშორისო ღონისძიება ქართველი ოფიციალური პირების დაუყოვნებლივ ისტერიკულ რეაქციას იწვევს და მათი მოთხოვნით ისინი ფაქტიურად უქმდება. მსგავსი ფაქტები  საკმარისზე მეტია და მათ შესახებ კარგად იციან საქართველოში გაეროს წარმომადგენლებმა”.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება აცხადებს, რომ “ნაბაკიას” გამშვები პუნქტის დახურვამდე გზის რეკონსტურცია განხორციელდა და ენგურის გამშვები პუქნტზე მოსახვედრად ოტობაიასა და ნაბკაიას მოსახლეობისთვის კომფორტული ავტობუსი დაინიშნა. ასევე გაზრდილია ამ პუნქტის გამტარუნარიანობა.

საგარეო უწყება იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში საერთაშორისო სტრუქტურების შეფასებები უფრო გააზრებული და ობიექტური იქნება და არა პროვოკაციული ხასიათის.

გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ნილს სკოტი მდინარე ენგურზე გამშვები პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებას განცხადებით გამოეხმაურა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას გამშვები პუნქტების დახურვა ნეგატიურ გავლენას იქონიებს საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობაზე, ხელს შეუწყობს მოსახლეობის იზოლაციას.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ქართულ მხარეზე მოსახვედრად დარჩენილი ოთხი გამშვები პუნქტიდან,  პირველ ეტაპზე მხოლოდ ორი დარჩება. მომავალში კი, მხოლოდ ერთი – “ენგური”. აქ მოსახვედრად გალის რაიონის გარკვეული სოფლების მცხოვრებლებს 15-30 კილომეტრის მანძილის გავლა დასჭირდებათ, მაშინ, როდესაც, მაგალითად, სოფელ ბატიგუარადან ქართულ მხარემდე მოსახვედრად ადამიანებს 70 მეტრის გავლა უწევთ.

25 იანვარს, გალის რაიონის დაახლოებით 200 -მდე მხცოვრებმა ქართულ-აფხაზური საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გამართა.

ქართულ მხარესთან გამშვები პუნქტების შემცირების შესახებ აფხაზეთში დადგენილება 2016 წლის 17 მარტს მიიღეს. მაშინ დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცეპრემიერი შამილ აძინბა ამბობდა, რომ აფხაზურ-ქართული საზღვრის დახურვის საკითხი ყოველთვის იყო აქტუალური და ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი დაპირება:

“მაგრამ როდესაც ჩვენ სიტუაცია შიგნიდან ვნახეთ, გასაგები გახდა, რომ ასე, ერთი ხელის მოქნევით, საზღვრის დახურვა არ შეიძლება. მიღებულია კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ და იქ არის დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც საზღვრის გადაკვეთისთვის არის საჭირო. თანდათანობით ამ ყველაფერს სამართლებრივ ჩარჩოში მოვაქცევთ. არ შეიძლება არ იყოს გათვალისწინებული იმ დიდი რაოდენობის ხალხის მუდმივი არსებობა [თუნდაც ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს პასპორტების მქონე], რომლებიც ჩვენთან დაიბადნენ. ჩვენ ცივილური სახელმწიფო ვართ და ცივილური გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ”.

17 მარტს მიღებული დადგენილება ძალაში 30 დღის შემდეგ უნდა შესულიყო.

ენგურზე გამშვები პუნქტების შემცირების შესახებ 2014 წელს აფხაზეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი ხაჯიმბაც საუბრობდა. მაშინ ხაჯიმბამ სახალხო ერთობის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ “საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის გამაგრება მნიშვნელოვანია.”

2013 წელს ენგურზე, მთავარი გამშვები პუნქტის პარალელურად, დამატებითი ხუთი პუნქტი გაიხსნა, მათ შორის ერთი- საავტომობილო.

მასალების გადაბეჭდვის წესი