ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რაულ ხაჯიმბა ენგურზე ხუთი გამშვები პუნქტის დახურვას გეგმავს

3 ოქტომბერი, 2014 • • 1411
რაულ ხაჯიმბა ენგურზე ხუთი გამშვები პუნქტის დახურვას გეგმავს

ხაჯიმბა ამბობს, რომ გეგმავს შეამციროს საკონტროლო-გამშვები პუნქტები და დატოვოს მხოლოდ ერთი. 

 

“საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარი მდინარე ენგურზე უნდა გამაგრდეს, სახელმწიფოს უსაფრთხოების მიზნით ყველა დანარჩენი პუნქტი უნდა დაიხუროს და მხოლოდ ერთი დარჩეს,”- განაცხადა ხაჯიმბამ. 


2013 წელს გალის რაიონში მთავარი გამშვები პუნქტის პარალელურად დამატებითი ხუთი პუნქტი გაიხსნა – მათ შორის ერთი საავტომობილო. 


აფხაზეთის ლიდერის განცხადებას პაატა ზაქარეიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა. 


Ipn- თან საუბარში მინისტრი აცხადებს, რომ ხუთი გამშვები პუნქტის დახურვამ შესაძლოა გამყოფი ხაზის გასწვრივ ვითარების დაძაბვა და უსაფრთხოების პირობების გაუარესება გამოიწვიოს:


“გამყოფ ხაზზე გადასასვლელი დამატებითი 5 გამშვები პუნქტი 2013 წელს გაიხსნა. ეს ნაბიჯი აღქმული იყო, როგორც აფხაზური მხარის კეთილი ნება, რომელიც მიმართული იყო როგორც გალის რაიონის, ისე მთლიანად აფხაზეთის ტერიტორიაზე და გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებისკენ. გამშვები პუნქტების გახსნამ ხელი შეუწყო ადგილზე ვითარების განმუხტვას და გამყოფი ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამ გამშვები პუნქტების გაუქმების შემთხვევაში კი გამოიკვეთება, რომ მხოლოდ ერთი პუნქტი არ არის საკმარისი მოსახლეობის გადაადგილებისთვის. 5 გამშვები პუნქტის დახურვამ შესაძლოა გამოიწვიოს გამყოფი ხაზის გასწვრივ ვითარების დაძაბვა და სწორედ უსაფრთხოების პირობების გაუარესება. ამით კი ეჭვქვეშ დადგება გამშვები პუნქტების შესაძლო დახურვის არგუმენტი, კერძოდ, რომ თითქოს მიზანი უსაფრთხოების განმტკიცებაა. ამიტომ იმედს გამოვთქვამთ, რომ ბატონი ხაჯიმბას ეს განცხადება გადახედილი იქნება, კარგად იქნება გაანალიზებული ყველა შედეგი და მიღებული იქნება უსაფრთხოებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ყველაზე მოსახერხებელი გადაწყვეტილება.”


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი