ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალის რაიონის მოსახლეობამ გამშვები პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით აქცია გამართა

25 იანვარი, 2017 • 2610
გალის რაიონის მოსახლეობამ გამშვები პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით აქცია გამართა

დღეს, 25 იანვარს, გალის რაიონის დაახლოებით 200 -მდე მხცოვრებმა ქართულ-აფხაზური საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გამართა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ქართულ მხარეზე მოსახვედრად დარჩენილი ოთხი გამშვები პუნქტიდან,  პირველ ეტაპზე მხოლოდ ორი დარჩება. მომავალში კი, მხოლოდ ერთი – “ენგური”. აქ მოსახვედრად გალის რაიონის გარკვეული სოფლების მცხოვრებლებს 15-30 კილომეტრის მანძილის გავლა დასჭირდებათ, მაშინ, როდესაც, მაგალითად, სოფელ ბატიგუარადან ქართულ მხარემდე მოსახვედრად ადამიანებს 70 მეტრის გავლა უწევთ.

“ეხო კავკაზას” ცნობით, აქციის მონაწილეებმა დღეს სწორედ მთავარი გამშვები პუნქტი “ენგური” გადაკეტეს. როგორც გამოცემას თემურ ნადარაიამ, გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განუცხადა, ყველა სატრანსპორტო პირობა არის შექმნილი იმისთვის, რომ გალის სოფლების მოსახლეობამ მარტივად ჩააღწიოს “ენგურის” გამშვებ პუქნტზე.

ქართულ მხარესთან გამშვები პუნქტების შემცირების შესახებ აფხაზეთში დადგენილება 2016 წლის 17 მარტს მიიღეს. მაშინ დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცეპრემიერი შამილ აძინბა ამბობდა, რომ აფხაზურ-ქართული საზღვრის დახურვის საკითხი ყოველთვის იყო აქტუალური და ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი დაპირება:

“მაგრამ როდესაც ჩვენ სიტუაცია შიგნიდან ვნახეთ, გასაგები გახდა, რომ ასე, ერთი ხელის მოქნევით, საზღვრის დახურვა არ შეიძლება. მიღებულია კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ და იქ არის დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც საზღვრის გადაკვეთისთვის არის საჭირო. თანდათანობით ამ ყველაფერს სამართლებრივ ჩარჩოში მოვაქცევთ. არ შეიძლება არ იყოს გათვალისწინებული იმ დიდი რაოდენობის ხალხის მუდმივი არსებობა [თუნდაც ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს პასპორტების მქონე], რომლებიც ჩვენთან დაიბადნენ. ჩვენ ცივილური სახელმწიფო ვართ და ცივილური გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ”.

17 მარტს მიღებული დადგენილება ძალაში 30 დღის შემდეგ უნდა შესულიყო.

ენგურზე გამშვები პუნქტების შემცირების შესახებ 2014 წელს აფხაზეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი ხაჯიმბაც საუბრობდა. მაშინ ხაჯიმბამ სახალხო ერთობის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ “საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის გამაგრება მნიშვნელოვანია.”

2013 წელს ენგურზე, მთავარი გამშვები პუნქტის პარალელურად, დამატებითი ხუთი პუნქტი გაიხსნა, მათ შორის ერთი- საავტომობილო.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი