ახალი ამბები

მსჯელობა პარლამენტში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კერძო სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობაზე

27 იანვარი, 2017 • 21588
მსჯელობა პარლამენტში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კერძო სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობაზე

დღეს, 27 იანვარს, პარლამენტში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სრულყოფისა და კერძო სადაზღვევო სექტორთან პარტნიორობის თაობაზე იმსჯელეს.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომელშიც დეპუტატები,  სადაზღვევო კომპანიის ასოციაციის, კერძო სადაზღვევო კომპანიებისა და სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წარმომადგენლები, ასევე ჯანდაცვის ექსპერტები ერთიანდებიან.  ჯგუფი დაახლოებით 2 თვეში მოამზადებს პროექტს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის უნივერსალურ პროგრამად გარდაქმნას ეხება. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ყველა მოქალაქეს აღარ შეეხება, თუმცა მომავალში ჯგუფმა ის პრინციპები  უნდა განსაზღვროს, რომლის საფუძველზე გადაწყდება,  ვის მოუწევს საკუთარი ჯანდაცვის ხარჯების ანაზღაურება.

კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, უახლოეს 2 თვეში სამუშაო ჯგუფი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რეფორმის პროექტს ჩამოაყალიბებს:

“ჩვენ გვინდა, რომ მივაღწიოთ ზეპარტიულ კონსენსუსს იმაზე, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მომდევნო ათი წლის განმავლობაში. ეს იმისათვის, რომ უნივერსალურ ჯანდაცვას მივაღწიოთ, ანუ თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იყოს მათთვის საჭირო მომსახურებაზე. ამაში ითვლება პრევენციული, სამკურნალო, რეაბილიტაიციის და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა. მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ როგორც კერძო სადაზღვევო ინდუსტრიის რესურსები, ასევე, სახელმწიფოს ბიუჯეტი. ”

ზოიძის  განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე ისაუბრეს პროგრამის ბენეფიციარებზეც:

“ვისაუბრეთ იმაზე, თუ ვის დააფინანსებს სახელმწიფო, თუ ვის შეუძლია პასუხისმგებელი იყოს საკუთარი ჯანდაცვის დაფინანსებაზე. ჩვენ ღია ვართ წინადადებების მისაღებად. ჩვენ ისეთ მოდელს შევიმუშავებთ, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მისაღები იქნება. ჯანდაცვის სამინისტრო შემუშავების პროცესის ორგანული ნაწილი იქნება.  ”

დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ისეთი სისტემა უნდა შეიქმნას, რომელშიც ყველა მოქალაქე დაზღვეული იქნება და კერძო სადაზღვევო კომპანიებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე სამინისტროს  თავისი მკაფიო გეგმა აქვს:

“რაც დღეს მოვისმინეთ, იქედან ძალიან ბევრი საკითხია თანხვედრაში ჩვენს შეხედულებებთან, თუმცა ეს ძალიან სენსიტიური პროცესია და ნაჩქარევი გადაწყვეტილება შეიძლება დამღუპველიც იყოს. უახლოეს მომავალში სამინისტრო თავის მოსაზრებებს წარმოადგენს. სერიოზული მუშაობა მიდის საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმაზე. ”

სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი  მიიჩნევს, რომ საყოველაო ჯანდაცვის რეფორმის გაგრძელებამ კერძო სექტორის მეტი ჩართულობა უნდა უზრუნვეყოს როგორც დაფინანსების, ისე აღსრულების ნაწილში:

“ასე დაიზოგება სახელმწიფო სახსრები. ეს სახსრები მიმართული უნდა იყოს ღარიბი მოსახლეობის უკეთ მომსახურებისკენ, იმავე წამლების დაფინანსებაზე. იდეა ის არის, რომ შევაფასოთ, რამდენად შესაძლებელია საბიუჯეტო ხარჯების შემცირება კერძო სექტორის ჩართულობით. უნდა განისაზღვროს ადამიანების  შემოსავლების გარკვეული დონე, რომლის ზემოთაც სახელმწიფო მათ არ დააზღვევს და თვითონ გადაიხდიან საკუთარი ჯანდაცვის მომსახურების ღირებულებას. ეს ღირებულება მაღალი არ არის, თვეში 20 ლარზე ნაკლებია. ეს ძალიან ჭკვიანურად უნდა გაკეთდეს. დასაქმების მიუხედავად, ბევრ ადამიანს უჭირს და ამით მათი ტვირთი არ უნდა გავზარდოთ.”

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონდა ჯანდაცვის კარგი სისტემა, მაგრამ საკმარის ფულს არ დებდა, ხოლო  “ქართული ოცნების” პრობლემა ისაა, რომ ბევრი ფული ჩადეს არასწორ სისტემაში:

“იმისათვის, რომ სამინისტროს მეტი ფული გამოართვას კლინიკამ, შეიძლება იმაზე მეტი პროცედურა ჩაუტაროს ადამიანს, ვიდრე სჭირდება. ამიტომაც ვიძახი დიდი ხანია, რომ ეს ძირგახვრეტილი ქვაბია. ამ ყველაფერს ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გააკონტროლებს. სწორედ ამიტომ არის საჭირო სადაზღვევო კომპანიების პროცესში ჩართვა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი