ახალი ამბები

როგორ აფასებენ პარლამენტში შაშკინის განცხადებას [Video]

22 ოქტომბერი, 2012 • • 1274
როგორ აფასებენ პარლამენტში შაშკინის განცხადებას [Video]

დღეს დიმიტრი შაშკინმა ფეისბუქში თავის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მან ქვეყანა დატოვა. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ვარაუდს გამოთქვამს, რომ საზოგადოებამ შესაძლოა მასზე “გაუგონარი ამბავი” მოისმინოს.

 

“მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საქართველო, იმ იმედით, რომ დავბრუნდები და კვლავ მექნება საშუალება, ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს. არ გამიკვირდება, რომ უახლოეს მომავალში გაიგოთ ბევრი ,,გაუგონარი ამბავი“ ჩემ შესახებ. ვინც მიცნობს, არ დაიჯერებს. თუმცა, ვინც არ მიცნობს, მინდა, დავარწმუნო, რომ ყოველთვის ვიცავდი კანონს და პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს. არ ვნანობ არცერთ გადაწყვეტილებას, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მივიღე და მზად ვარ, ვუპასუხო ნებისმიერ შეკითხვას”, -წერს შაშკინი დღეს 22 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

 

უმრავლესობის წევრთა განცხადებით, როგორც მინიმუმ, კითხვებს აჩენს შაშკინის დღევანდელი განცხადება. მათი თქმით, ყოფილი მინისტრის წარსული ქმედებები, სავარაუდოდ, კანონს ეწინააღმდეგება. პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, უცნაურია, როცა მინისტრები ქვეყანას ტოვებენ, მით უფრო, როცა გადაბარების პროცესია დაწყებული:

“ქვეყნის დატოვება განმარტებების გარეშე კითხვებს ბადებს და როცა ამ უწყებების შემოწმება მოხდება, იმედია, რომ შეკითხვებს პასუხი გაეცემა”.

 

“ჯარის მიტოვება და წასვლა არის უპასუხისმგებლობა და მიუღებელი. თუ მას დანაშაული აქვს ჩადენილი, ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას”– აღნიშნავს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და შაშკინის ნაბიჯს მხდალი ადამიანის მიერ ჩადენილს ქმედებად აფასებს.

 

გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ყოფილ თავდაცვის მინისტრს ეჭვი აქვს, მისი წარსული ქმედებები სამართლებრივი დევნის საფუძველი შეიძლება გახდეს. ჟორჟოლიანი აღნიშნულ განცხადებას ყოფილი მმართველი გუნდის მუშაობის პრინციპზეც აზოგადებს:

 

“საჭიროა იმ ქმედებების გამოძიება, რომელსაც ბატონი შაშკინის მუშაობისას ხდებოდა. ეს სასამართლომ უნდა გაარკვიოს, პოლიტიკურად ეს განცხადება ადასტურებს იმას, რომ ეს რეჟიმი ყოველგვარი კანონების გარეშე მოქმედებდა”.

 

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი პროკურატურას მოუწოდებს, შეისწავლოს დიმიტრი შაშკინის მუშაობის პერიოდი სამინისტროში. მისი თქმით, ადამიანი, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში, ასეთი ტიპის განცხადებას არ გააკეთებდა.

 

უმცირესობის წარმომადგენლები მხოლოდ გარკვეულ ვარაუდებს გამოთქვამენ იმ მიზეზების შესახებ, რომელიც შაშკინის განცხადებას შესაძლოა საფუძვლად ედოს. გივი თარგამაძე აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია შაშკინის გადაწყვეტილების მიზეზები:

 

“შეიძლება საერთაშორისო ორგანიზაციიდან მიიღო შეთავაზება , შესაძლოა, მართლაც გაექცა რაღაცას, არ ვიცი, მე ვერ გიპასუხებთ მის ნაცვლად”.

 

გიგი წერეთელს არ აქვს იმის მოლოდინი, რომ საზოგადოებამ შესაძლოა შაშკინის შესახებ “გაუგონარი ინფორმაცია” მიიღოს. წერეთლის თქმით, აღნიშნული ფაქტი ყოფილი მინისტრის პირადი გადაწყვეტილებაა:

 

“ეს არის დიმიტრის გადაწყვეტილება, ძალიან ბევრი რამ განცხადებაში სამართლიანად არის აღნიშნული. მე არ მგონია, რომ რაიმე “გაუგონარი” იყოს, ეს აქამდეც ითქმებოდა. თუ ვინმეს რამე ისეთი დარღვევა აქვს, რომლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, ამას სასამართლო გაარკვევს, მაგრამ მე არ ვფიქობ, ასეთი რამ მოხდეს”.

 

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი შაშკინმა 2012 წლის 4 ივლისს თავდაცვის მინიტრის თანამდებობა დაიკავა, მანამდე იგი განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობდა 3 წლის განმავლობაში, უფრო ადრე კი შაშკინს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდული დახმარების საკითხთა დახმარების მინისტრის თანამდეობა ეკავა 2009 წლის თებერვლიდან ამავე წლის დეკემბრამდე.

 

ერთი თვის წინ პატიმრების წამების ამსახველი კადრების გავრცელებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, აქციის მონაწილენი ბაჩო ახალაიას, ხათუნა კალმახელიძის დასჯათან ერთად დიმიტრი შაშკინის დასჯასაც მოითხოვდნენ. პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა გამარჯვება “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა, ჯერ კიდევ ძველი მთავრობის შემადგენლობით ჩატარებულ მთავრობის სხდომას დიმიტრი შაშკინი არ ესწრებოდა. თავდაცვის სამინისტროს პრესამსახურის ნინო პოტრჟებსკაიას მაშინდელი განცხადებით, მინისტრი აშშ–ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი