ახალი ამბები

პროკურატურამ ჟურნალისტის ცემის ბრალდებით დაკავებულებისთვის პატიმრობა მოითხოვა

27 იანვარი, 2017 • 3209
პროკურატურამ ჟურნალისტის ცემის ბრალდებით დაკავებულებისთვის პატიმრობა მოითხოვა

პროკურატურის ცნობით,  ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემისა და მუქარის ფაქტზე ბრალდებულის სახით მიხეილ ხუციშვილი, პაატა კვინიკაძე და ბორის გოგიჩაიშვილი დააკავეს. პროკურატურამ სასამართლოს მათი დაკავების შუამდგომლობით მიმართა:

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 18 დეკემბერს ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტი გიორგი გასვიანი, მისი კუთვნილი ავტომანქანით, გაემგზავრა ქ. ბორჯომში, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღო სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომში“ ჟურნალისტებისთვის გამართულ სემინარში. დაახლოებით 24:00 საათზე, ქ. ბორჯომში ჩასულს, მას სავალ გზაზე  ავტომანქანა მოუცურდა, რის გამოც მის მანქანასთან საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა გაჩერდა, რომელსაც  მიხეილ ხუციშვილი  მართავდა. ამ უკანასკნელს თან ახლდნენ მეგობრები – პაატა კვინიკაძე და ბორის გოგიჩაიშვილი. აღნიშნული პირები გადმოვიდნენ ავტომანქანიდან, მივიდნენ გიორგი გასვიანის ავტომანქანასთან და დაუწყეს ცემა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, ხოლო მიხეილ ხუციშვილმა გიორგი გასვიანს თავზე დაადო მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი) და მის მიმართ  განახორციელა მუქარა, რაც გიორგი გასვიანის მიერ აღქმული იქნა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზიანების რეალურ საფრთხედ. მიხეილ ხუციშვილმა, ბორის გოგიჩაიშვილმა და პაატა კვინიკაძემ   მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტეს ცემა, რაც გიორგი გასვიანისგან შეიტყვეს, რომ იგი ჟურნალისტი იყო და დაიწყეს მისი დაყოლიება იმაზე, რომ გიორგი გასვიანს აღნიშნული ფაქტი არსად გაემჟღავნებინა.  შემდეგ კი მიაცილეს სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომში”,- ნათქვამაი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურამ სასამართლოს მიხეილ ხუციშვილის, ბორის გოგიჩაიშვილის და პაატა კვინიკაძის  დაკავების შუამდგომლობით მიმართა.

“გამოძიებით დადგენილია, რომ მიხეილ ხუციშვილი არის შ.ს. ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორ – გამომძიებელი, პაატა კვინიკაძე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ბორჯომის დაცვის პოლიციის განყოფილების ობიექტების დაცვის დანაყოფების ა(ა)იპ „ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკის“ შენობისა და ტერიტორიის დაცვის ყოფილი ინსპექტორი, ხოლო ბორის გოგიჩაიშვილი ქმედების ჩადენის დროს იყო უმუშევარი. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მიხეილ ხუციშვილი და პაატა კვინიკაძე დანაშაულის ჩადენის დროს არ ახორციელებდნენ სამსახურებრივ უფლებამოსილებას”,- ნათქვამია განცხადებაში.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი