ახალი ამბები

როგორ მოხდება ქუთაისში დეპუტატების დაბინავება [ვიდეო]

21 ოქტომბერი, 2012 • 1351
როგორ მოხდება ქუთაისში დეპუტატების დაბინავება [ვიდეო]

“ნაციონალური მოძრაობის” წევრ გიორგი ბარამიძის განცხადებით, მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, თუ როგორ და სად დაბინავდებიან სხდომის შემდეგ დეპუტატები.

“ეს საკითხი ნაკლებად მაღელვებს, ზედმეტად ბევრი საუბარია ამაზე. ჩვენს ხალხს ახლა აინტერესებს, თუ როგორ დააპუროს თავის ოჯახი, უზრუნველყოს ჯანდაცვა და გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები. რაც შეეხება პარლამენტს, პარლამენტი აქ იმუშავებს თუ თბილისში, ეს ჩემი აზრით, მეხუთეხარისხოვანი საკითხია”, – აღნიშნავს ბარამიძე.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრ მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, 2008–2012 წლის მოწვევის პარლამენტარები სახელმწიფოს ხარჯზე იყვნენ, პარლამენტი უხდიდა მათ ბინის ქირას და ამ მოწვევის პარლამენტს ფინანსური რესურსიც უნდა ჰქონდეს დატოვებული დეპუტატებისთვის”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” მაჭავარიანმა.

მისივე თქმით,  წინა მოწვევის პარლამენტში 85 დეპუტატს არ ჰქონდა საცხოვებელი თბილისში და ქუთაისშიც ისევე მოგვარდება ეს პრობლემა, როგორც თბილისში გვარდებოდა – სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხა მათთვის ბინების დასაქირავებლად.

“მე არ ვიცი, ეს პარლამენტი გააგრძელებს თუ არა წყალტუბოში კორპუსების მშენებლობას,  ეს მათი გადასაწყვეტია. რაც შეეხება საცხოვრებელს დეპუტატებისთვის, უნდა იყოს დაქირავებული, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით”, – აღნიშნავს მაჭავარიანი.

“ქართული ოცნების” წევრ ზვიად ძიძიგურის განცხადებით კი, ის ქუთაისში დარჩება. მას უკვე აქვს დაქირავებული საცხოვრებელი ადგილი.  

 

“აუცილებელია, რომ აპარატის თანამშრომლებსაც ჰქონდეთ პირობები სამუშაო. ამაზე სერიოზულად ვფიქრობთ, დაინტერესებულია პარლამენტის თავმჯდომარეც. მე ქუთაისში უკვე დავიქირავე საცხოვრებელი ადგილი. დღევანდელი სხდომის შემდეგ წავიდე, ხვალ კიდევ სხდომაა და ამდენი წადი–წამოდი არ გამოდის. ვრჩები ქუთაისში”, – ამბობს ზვიად ძიძიგური.   


მასალების გადაბეჭდვის წესი