ახალი ამბები

პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

21 ოქტომბერი, 2012 • 1225
პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

 

“ქალბატონებო და ბატონებო, პარლამენტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ცენტრში მდებარეობს, ჩვენი დემოკრატიული ცხოვრების გულია, რომელიც დღეს იწყებს ფეთქვას. ეს იქნება უფრო დაყოფილი, უფრო დაბალანსებული და უფრო მკაფიო, ვიდრე იყო წინა მოწვევის პარლამენტი. მაშინ, როცა შემოვდიოდით პარლამენტში, 2008 წელს, თქვენ იდექით გარეთ იმიტომ, რომ უარი თქვით საკუთარ მანდატზე და დღეს მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ყველანი აქ ხართ. აქ სხვა კლიმატია, სხვა ატმოსფეროა, შეიძლება ბევრად უფრო სასარგებლო აღმოჩნდეს, ვიდრე გარეთ ჰაერზე დგომა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მან აღნიშნა, რომ პარლამენტის ახალი დარბაზი დიდი ვნებათაღელვის და დებატების მომსწრე გახდება.

 

“არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებზეც ჩვენ განსხვავებული პოზიცია გვაქვს და მომავალში ეს დარბაზი ძალიან, ძალიან ცოცხალი ადგილი იქნება. აზრთა სხვადასხვაობა და ერთმანეთის მიმართ ოპოზიციური დამოკიდებულება არ გაქრება, მაგრამ ჩვენ ეს ინსტიტუციურ ფარგლებში და კონსტსიტუციურ ჩარჩოში უნდა მოვაქციოთ. მთავრობა ეუბნება ხალხს, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი, ახლა თვითონ ხალხი, მთავრობის თქმის გარეშე, თვითონ დაინახავს ყველაფრის ფასს, განსხვავებას კარგსა და ცუდს შორის, ეს არის დემოკრატია”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 სააკაშვილის თქმით, დადგა დრო, როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვიდა, თუმცა შესაძლოა ახლანდელი ოპოზიცია ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნდეს:

 

“გუშინდელი ოპოზიცია დღეს მთავრობაში ხართ, ხოლო ვინც ახლა ოპოზიციაშია, ის შეიძლება კვლავ ხელისუფლებაში მოვიდეს, თქვენ წარმოიდგინეთ. ყოველივე ეს არის ის, რაც ჩვენ ყველამ ერთად უნად ვაღიაროთ, თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე, ჩვენ, ხალხო, არ ვართ ერთმანეთის მტრები, არამედ ვართ ერთმანეთის პოლიტიკური მეტოქეები. ეს კამპანია იყო რთული, უხამსი და გესლიანი და ალბათ ყველა მხრიდან, მაგრამ ახლა თქვენ მთელ ერს წარმოადგენთ, მრავალეთნიკურ ქართულ საზოგადოებას, აქამდე კამპანიის და კონკურენციის დრო იყო, ახლა კი მუშაობის დრო დადგა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

“მე მინდა გავიხსენო, 1992 წელს მე წავაგე არჩევნები საქართველოს პარლამენტში. მე კენჭს ვიყრიდი მაშინ, ჯერ კიდევ ძალიან ნორჩი და მაშინ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო ივანე კიღურაძე, რომელიც ახლა წაიყვანს სხდომას და მაშინ ჩემთან ერთად, მთავარი საარჩევნო ექსპერტი საქართველოში, ლამის ყოველდღე გამოდიოდა იმ დროს არსებულ ერთადერთ არხზე, იყო დავით უსუფაშვილი. დავით უსუფაშვილი იყო რესპუბლიკელთა სიაში, მაგრამ არ შეხვდა ადგილი. ახლა ყველაფერი როგორ შეიცვალა, გარდა იმისა, რომ არჩევნები მაშინაც ჩემთვის წაგებით დამთავრდა: ივანე კიღურაძე წაიყვანს სხდომას,  დავით უსუფაშვილი კი პირველად შემოვა პარლამენტში და პირველად გაუძღვება პარლამენტის მუშაობას. ამიტომ მინდა მათ მივულოცო ეს წარმატება და მინდა თითოეულ თქვენგანს გისურვოთ წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობა თქვენი ხალხის საკეთილდღეოდ”, – ასე დაასრულა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლა.  

 

პარლამენტის სხდომას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი. პარლამენტში ასევე იმყოფება კათალიკოს–პატრიარქი ილია მეორე.

 

მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ პარლამენტის სხდომას გაუძღვა უხუცესი პარლამენტარი ივანე კიღურაძე, რომელმაც გამოაცხადა, რომ პარლამენტმა პირველ რიგში უნდა აირჩიოს დროებითი ხმის დამთვლელი და დროებითი სამანდატო კომისია. სხვადასხვა პროცედურული საკითხების გავლის შემდეგ პარლამენტის სხდომაზე ერთსაათიანი შესვენება გამოცხადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი