ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები საპატიმროს დაახლოებით 2 თვეში დატოვებენ. სააპელაციო სასამართლომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად გადააკავლიფიცირა [სსკ-ის 332-ე მუხლის I ნაწილად] მათი ბრალი [გაფლანგვა], რამაც სასჯელის ოდენობის შემცირება გამოიწვია.
გადაკვალიფიცირებული მუხლით გამოდის, რომ მსჯავრდებულებს მოსახდელი აქვთ 1 წელი და 6 თვე [საიდანაც 1 წელი და 4 თვე უკვე მოხდილი აქვთ] ნაცვლად 7 წლისა, რასაც გაფლანგვა ითვალისწინებდა.
მსჯავრდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქევშ მყოფები უდანაშაულონი არიან სამსახურეობრივი უფლებამსოილების ბოროტად გამოყენების ნაწილშიც და დავას ზემოდგომ ინსტანციაში გააგრძელებენ. ისინი არ გამორიცხავენ არც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიმართვას.
ე.წ. კაბელების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ბრალდების მხარეც აპირებს – პროკურორის განცხადება პროცესის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების საბოლოო სიტყვა 16 იანვარს მოისმინა.
16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს – გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძესა და დავით წიფურიას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ეს განაჩენი უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, დაკავებული პირები კი – უდანაშაულოები არიან.
პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრებმა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულეს. 18 მაისს “ეროვნულმა ფორუმმა” პრეზიდენტს ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების შეწყალებისკენ მოუწოდა. თავად პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ამ საქმეს განსაკუთრებით დააკვირდება.