ახალი ამბები

“კაბელების საქმის 90%-ზე მეტი 2014 წლიდან არასაიდუმლოა” – პროკურატურა

6 თებერვალი, 2019 •
“კაბელების საქმის 90%-ზე მეტი 2014 წლიდან არასაიდუმლოა” – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ “კაბელების საქმის” მასალებს საიდუმლო გრიფი მოეხსნა და “2014 წლის 25 ნოემბრის შემდეგ სისხლის სამართლის საქმის მასალების 90%-ზე მეტი იყო არასაიდუმლო”. ეს განცხადება პროკურატურამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც “კაბელების” საქმის ადვოკატმა პროკურატურას ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.

5 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ე.წ კაბელების საქმეში “ჩახედული აქვს” და “სამართლებრივი ანალიზი აქვს გაკეთებული”. თუმცა ამ საქმის ნაწილი გრიფით საიდუმლო იყო. “კაბელების საქმის” ადვოკატმა ლევან სამუშიამ პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა, რადგან, მისი განმარტებით, კობახიძეს არ ჰქონდა ამ საქმის დეტალების გაცნობის უფლება.

ნეტგაზეთის კითხვაზე, როგორ გაეცნო კობახიძე გასაიდუმლოებული საქმის დეტალებს, პროკურატურიდან გვიპასუხეს, რომ 2014 წლის 25 ნოემბრის შემდეგ სისხლის სამართლის საქმის მასალების 90%-ზე მეტი იყო არასაიდუმლო. 

პროკურატურის თანახმად, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა, კანონის შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროსა და პროკურატურის მიმართვის შემდეგ, დასაშვებად მიიჩნია საქმისთვის გრიფის მოხსნა და გრიფით საიდუმლო დარჩა ის ნაწილი, რომელიც ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს.

“ე.წ. „კაბელების საქმეზე“ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, პროკურატურამ მიზანშეწონილად მიიჩნია გაესაჯაროებინა საქმის მტკიცებულებების ნაწილი და 2016 წლის 19 მაისს საქართველოს პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე – www.pog.gov.ge – გამოქვეყნდა სისხლის სამართლის საქმის არასაიდუმლო დოკუმენტების დიდი ნაწილი, რომელიც იძლეოდა შესაძლებლობას, დაინტერესებულ პირს მიეღო სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლომ.  

2016 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით და მათ თავისუფლების აღკვეთა 7 წლით , 2 წლით კი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა მიესაჯათ. 

2017 წლის 26 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება და ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. თითოეულ მათგანს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით.
უზენაესმა სასამართლომ არ განიხილა არცერთი მხარის საჩივარი და ამიტომ საქმეზე ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება” ,- აცხადებს პროკურატურა.

ადვოკატმა ლევან სამუშიამ მანამდე ნეტგაზეთს უთხრა: “სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ [საქმეს] “ნახევრად გრიფი ედო” და “ნახევარს გაეცნო”. გრიფით საიდუმლო ნიშნავს გრიფით საიდუმლოს”.

მისი პოზიციით, პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს — პირველ რიგში, კობახიძე უნდა დაკითხოს, შემდეგ კი გაარკვიოს, ვინ გააცნო მას საქმის დეტალები.

ნახეთ ამ საქმის დეტალები:

როგორ გაეცნო კობახიძე გრიფით საიდუმლო “კაბელების საქმის” დეტალებს?

მასალების გადაბეჭდვის წესი