ახალი ამბებისამართალი

განაჩენის მოლოდინში – სააპელაციომ “კაბელების საქმეზე” დაკავებულების საბოლოო სიტყვა მოისმინა

16 იანვარი, 2017 • 3198
განაჩენის მოლოდინში – სააპელაციომ “კაბელების საქმეზე” დაკავებულების საბოლოო სიტყვა მოისმინა

16 იანვარს სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების საბოლოო სიტყვა მოისმინა. გამართლდებიან თუ არა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გავიგებთ – სააპელაციო სასმართლო მხარეებს უახლოეს პერიოდში გააცნობს გააჩენს.

თავისუფალი დემოკრატები იმედოვნებენ, რომ სააპელაციო სასამართლო გაამართლებს ბრალდებულებს და გაათავისუფლებს პატიმრობიდან, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით ოფიციალურად მიმართავენ და დავას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგრძელებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები და მათი თანამებრძოლები უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან.

როგორც თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, შალვა შავგულიძე ამბობს, სააპელაციო სასამართლოში საბოლოო პროცესი ძალიან მძიმე პროცესი იყო. მისი თქმით, ასევე მძიმე სანახავი იყო, თუ როგორი ცინიკური ღიმილით უყურებდნენ ამ ყველაფერს ახალგაზრდა პროკურორები:

“ბევრი პროცესი მინახავს და დღევანდელი სხდომა იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მათ შორის. ძალიან ძნელი სანახავი იყო, როდესაც 5 აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი, როგორი თავშეკავებით, მოზომილად, მაგრამ პრინციპულად და საკუთარი უდანაშაულობის აბსოლუტური რწმენით ცდილობდა დაერწმუნებინა სასამართლო თავიანთ უდანაშაულობაში. ძალიან ძნელი სანახავი იყო, როგორი ცინიკური ღიმილით ისმენდა ამ ყველაფერს ბრალდების მხარე – ახალგაზრდა პროკურორები. რა უნდა ვთქვათ? აუცილებელია, რომ ქვეყანაში გვქონდეს სამართალი. სხვანაირად, უბრალოდ, სახელმწიფოდ ვერ შევდგებით; სამართლის გარეშე არ არის საზოგადოება და სახელმწიფო. სიტყვა დღეს არის სააპელაციო სასამართლოზე. ეყოფა უნარი და პროფესიული ღირსება სააპელაციო სასამართლოს? მას შეუძლია მიიღოს ისტორიული, სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება,” – განაცხადა შავგულიძემ პროცესის შემდეგ.

მისი თმით, ამ საქმეზე უკვე საჯაროდ აქვთ გამოხატული სხვადასხვა სახით და სტატუსით პოზიციები როგორც სახალხო დამცველს, ისე ადგილობრივ არასამთავრობო სექტორის უმეტესობას, ასევე, მაღალი კვალიფიკაციის და აღიარებულ ადგილობრივ სამართლის ექსპერტებს, ევროპარლამენტის წევრებს, Human Rights Watch-ს თავის წლიურ ანგარიშში:

“ყველა ეს საჯაროდ გამოთქმული პოზიცია ამბობს, რომ ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია ამ საქმეზე მიმდინარე სამართალწარმოებასთან დაკავშირებით. ყველა მიდის იქ, რომ არ დასტურდება ამ პირთა დანაშაული და ბრალეულობა. ასეთ შემთხვევაში უკვე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ქართულმა სასამართლომ. საბოლოოდ, მიიღებს სხვა სასამართლო – ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო მერე გახდება იძულებული ქართული სასამართლო, რომ აღიაროს ამ პირთა უდანაშაულობა, მაგრამ უკეთესია, თუ ამ საქმეზე ჩვენივე სასამართლო იტყვის ამას.”

შალვა შავგულიძე - "ძალიან ძნელი სანახავი იყო, როგორი ცინიკური ღიმილით ისმენდა ამ ყველაფერს ბრადების მხარე, ახალგაზრდა პროკურორები.". სააპელაციო სასამართლო. 16.01.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

შალვა შავგულიძე – “ძალიან ძნელი სანახავი იყო, თუ როგორი ცინიკური ღიმილით ისმენდნენ ამ ყველაფერს ახალგაზრდა პროკურორები”. ე.წ. კაბელების საქმის საბოლოო განხილვა, სააპელაციო სასამართლო. 16.01.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ არ მიიღებს სააპელაციო სასამართლო გამამართლებელ განაჩენს, მიმართავენ თუ არა ბრალდებულები საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, შალვა შავგულიძე პასუხობს, რომ აუცილებლად მიმართავენ პრეზიდენტს და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც განაგრძობენ დავას.

“ბრალის აღიარება არ არის აუცილებელი მოთხოვნა შეწყალების. რა თქმა უნდა, მოხდება მიმართვა და ჩვენ ხელმოწერებიც კი შევაგროვეთ ფართო საზოგადოების მხრიდან და 10 ათასობით ხელმოწერა გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც მხარს უჭერენ იმას, რომ შეიწყალონ ეს ადამიანები. ძალიან კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი შეიწყალებს მათ. ეს ადამიანები თუ თავს დააღწევენ უკანონო და უსამართლო პატიმრობას, თუ სასამართლომ არ მიიღო ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება… ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გაგრძელდება ბრძოლა მათი უდანაშაულობის დასადასტურებლად. ჯერჯერობით პრეზიდენტთან არ წარგვიდგენია ეს მოთხოვნა, ვინაიდან სააპელაციო ინსტანციაში პროცესი სრულდება. მოდით, მართლმსაჯულებასაც დავაცადოთ თავისი სიტყვის თქმა. ეს იქნება გაცილებით უკეთესი, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში და არა პრეზიდენტი- თავისი კომპეტენციის ფარგლებში,” – ამბობს შავგულიძე.

ბრალდების მხარე კვლავ მიიჩნევს, რომ საქმეში არის უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ბრალდებულთა დანაშაულს. პროცესის მიმდინარეობისას ერთ-ერთ ბრალდებულსა და პროკურორს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რაც მალევე მოსამართლემ აღკვეთა.

“პროცესუალური მონაწილეობის ფარგლებს აბსოლუტურად გასცდა, როდესაც მან ძალიან ბევრი სიბინძურე იკადრა სასამართლო პროცესზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ შევიცვლით განწყობას ამ საქმეზე და ვერც სუბიექტურად ვიქნებით უარყოფითად განწყობილი ბრალდებულის მიმართ. ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ პროკურორები ამ საქმეში და ჩვენ აუცილებლად სიმართლის დაცვას უნდა ვემსახუროთ, ამბობს პროკურორი ნინო აღლემაშვილი პროცესის დასრულების შემდეგ.

სააპელაციო სასამართლოში, ე.წ. კაბელების საქმის საბოლოო პროცესის დასრულების შემდეგ, რუსთავი 2-ის რეპორტიორი ეკითხება პროკურორს, თუ რას გულისხმობს სიბინძურეში, რომელიც, მისი თქმით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა იკადრა. 16.01.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

სააპელაციო სასამართლოში, ე.წ. კაბელების საქმის საბოლოო პროცესის დასრულების შემდეგ, რუსთავი 2-ის რეპორტიორი ეკითხება პროკურორს, თუ რას გულისხმობს სიბინძურეში, რომელიც, მისი თქმით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა იკადრა. 16.01.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

რუსთავი 2-ის რეპორტიორის კითხვაზე, თუ რას გულისხმობს და მიიჩნევს პროკურორი სიბინძურედ, აღლემაშვილი პასუხობს:

“საუბარი იყო გარდაცვლილ ადამიანებზე, თითქოს ამ ადამიანების გარდაცვალება გამოიწვა პროკურატურის მხრიდან ვინმეზე განხორციელებულმა ზეწოლამ, აქ იყო საუბარი ისეთ ადამიანებზე… მაგალითად, ერთ-ერთ ექსპერტზე, რომელსაც ჰქონდა ქრონიკული დაავადება და ეს ადამიანი ამ დაავადებით გარდაიცვლა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან სამწუხარო ფაქტია, როდესაც ასეთი სახის გარემოებებზე კეთდება აქცენტი იმ სასამართლო პროცესზე, რომელზეც განხილული უნდა იყოს ბრალდებულების დანაშაული. ვფიქრობთ, რომ ეს ფაქტი და გარემოებაც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ბრალდებულებს ისღა დარჩენიათ, რომ ასეთი არასწორი მეთოდებით გაიმართლონ თავი. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს ყველა საკმარისი არგუმენტი და მტკიცებულება საიმისოდ, რომ ასეთი ცილისმწამებლური განცხადებებისგან დამოუკიდებლად ვთქვათ ჩვენი სათქმელი სასამართლოში და დავადასტუროთ სიმართლე.”

სასამართლო დარბაზი თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ახლობლებითა და თავისუფალი დემოკრატების წევრებით იყო სავსე. პროცესს პარტიის თითქმის ყველა მოქმედი და ყოფილი ლიდერი დაესწრო. დღევანდელ პროცესს არ/ვერ ესწრებოდნენ ირაკლი ალასანია და ზურაბ აბაშიძე; ასევე, ვიქტორ დოლიძე, რომელიც არჩევნების შემდეგ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მინისტრად დაინიშნა.

ე.წ. კაბელების საქმის საბოლოო განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 16.01.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ე.წ. კაბელების საქმის საბოლოო განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 16.01.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს – გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძესა და დავით წიფურიას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ეს განაჩენი უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, დაკავებული პირები კი – უდანაშაულოები არიან. “სასამართლომ ვერ გაუძლო პოლიტიკურ ზეწოლას” – განაცხადა IDFI-ის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, ხოლო ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ სასამართლო უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ხელმძღვანელობდეს.

პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრებმა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულეს. 18 მაისს “ეროვნულმა ფორუმმა” პრეზიდენტს ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების შეწყალებისკენ მოუწოდა. თავად პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ამ საქმეს განსაკუთრებით დააკვირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი